Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანი: საქართველოს დელეგაციის ყოფნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიანიშნებს, რომ მსოფლიოსთვის ჩვენი აზრი მნიშვნელოვანია


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუნხენში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაციის ყოფნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიანიშნებს იმაზე, რომ მსოფლიო თანამეგობრობისთვის საქართველოს აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი შეხვედრები, რომლებზეც ის სამხრეთ კავკასიაზე და სამშვიდობო ინიციატივებზე ისაუბრებს.

ძალიან მნიშვნელოვანია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ზოგადად, მაგრამ განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც უკრაინის გარშემო არის ასეთი დაძაბული სიტუაცია. მსოფლიო თანამეგობრობა, ბუნებრივია, იმსჯელებს იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სიტუაციის დეესკალაციისთვის. ის ფაქტი, რომ საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით აქ იმყოფება, მოგეხსენებათ, რომ ის პირადად არის მოწვეული ვოლფგანგ იშინგერის მიერ ამ ღონისძიებაზე, მიანიშნებს იმაზე, რომ მსოფლიო თანამეგობრობისთვის ჩვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საქართველო იმყოფება გამოწვევებით სავსე რეგიონში და ჩვენ ჩვენს თავზე ვიწვნიეთ ის მძიმე შედეგები, რაც მოჰყვა 2008 წლის ომს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიციები, ბუნებრივია, ყველასთვის საინტერესოა და პრემიერი ყველა დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებს ასევე ჩვენს რეგიონზე, სამხრეთ კავკასიაზე, სამშვიდობო ინიციატივებზე. ერთ-ერთი ძალიან წარმომადგენლობითი ღონისძიება, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას, სწორედ ჩვენს რეგიონზე იქნება ფოკუსირებული და ამ დისკუსიაში კონცენტრირება იქნება სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან წარმოადგინა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი სიტყვებით, დაგეგმილია ასევე ორმხრივი შეხვედრები ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, რადგან პანდემიის შემდეგ ეკონომიკური გაჯანსაღება და მეტი ინვესტიციის მოზიდვა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია.

დღეს, 18 თებერვალს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში იხსნება ტრადიციული უსაფრთხოების კონფერენცია, მსოფლიოს ასეულობით ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების და ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

საერთაშორისო ფორუმის მონაწილეები განიხილავენ კორონავირუსის პანდემიით, მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის ზრდით და სხვა ფაქტორებით გამოწვეულ კრიზისებსა და მსოფლიოში დაგროვილი მწვავე პრობლემების მოგვარების შესაძლებლობებს.

გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლევან იზორიას განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კიდევ ერთი პლატფორმა იქნება საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების - ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გაცხადებისთვის. ელჩის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო ინიციატივის პრეზენტაციაც.

მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. საერთაშორისო კონფერენცია 20 თებერვალს დასრულდება

XS
SM
MD
LG