უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 19 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის კონფერენციის მუშაობაში.
პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლა დაგეგმილია თბილისის დროით 18.30-19.00 სთ-ზე. ზელენსკის განცხადების შემდეგ იგეგმება ღია დისკუსია აუდიტორიასთან. დიალოგის მოდერატორი CNN-ის ლონდონის ბიუროს ჟურნალისტი კრისტიან ამანპური იქნება.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში დღესვე, 19 თებერვალს დაბრუნდება.
18 თებერვალს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ზელენსკის გადასაწყვეტია, შექმნილი საგანგაშო ვითარების ფონზე, დატოვებს თუ არა უკრაინას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად.
„მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, მას ექნება შეერთებული შტატების მხარდაჭერა“, - განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ საკიმ.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკის მიუნხენში შესაძლო გამგზავრების შესახებ კომენტარის გაკეთებისას თქვა, რომ უკრაინის ლიდერის გადასაწყვეტია, წავა თუ არა, მაგრამ კითხვაზე, არის თუ არა „გონივრული“ ზელენსკის გამგზავრება, უპასუხა, რომ დიპლომატიური გადაწყვეტის ძიებაში, შეიძლება არ იყოს... მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია“..
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც 18 თებერვალს გაიხსნა, მსოფლიო ლიდერები, უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები და უსაფრთხოების ექსპერტები აპირებენ, ყურადღება გაამახვილონ უკრაინა-რუსეთის კრიზისის ესკალაციასა და რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრაზე.
მიუნხენში იმყოფებიან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და სხვა ლიდერები.
ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა პირველად არ გააგზავნა თავისი ოფიციალური წარმომადგენელი კონფერენციაზე.
დაწერეთ კომენტარი