Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო რეჟიმი ახალი ბარიერების აღმართვას განაგრძობს


საოკუპაციო ხაზი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან
საოკუპაციო ხაზი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან, სადაც საოკუპაციო გამყოფი ხაზია გავლებული, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები განაგრძობენ ახალი ბარიერების აღმართვას. ეს პროცესი მათ დაიწყეს 19 თებერვალს, როცა ადგილზე სპეცტექნიკა მიიყვანეს.

პროცესი დააფიქსირეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმაც. მათი თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთსა და ოკუპირებულ სოფელ ქსუისს შორის გადაადგილდებოდნენ და უკვე არსებული ღობის გასწვრივ ახალ მავთულხლართებს ამონტაჟებდნენ.

ინფორმაცია დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. უწყების ცნობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოძები დაამონტაჟეს და ზედ მავთულხლართები გააბეს. სუსის განცხადებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი და საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს. ხშირად ეს მარტივი არ არის, მაგრამ ხელისუფლება გააგრძელებს თავის ძალისხმევას, იმისათვის, რომ პირველ რიგში, იზრუნოს უსაფრთხოებაზე და ჩვენი ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ მიმართულებით მთელი ეს წლები აქტიურად ვმუშაობდით და ეს მუშაობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება", - განაცხადა"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 20 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის გააქტიურებასთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ.

კობახიძის თქმით, ამჟამინდელ ხელისუფლებას პრობლემები „მემკვიდრეობად“ ერგო წინამორბედისგან.

თხრილები საოკუპაციო ზოლის გასწვრივ. სოფელი ჯარიაშენი, 2022 წლის იანვარი.
თხრილები საოკუპაციო ზოლის გასწვრივ. სოფელი ჯარიაშენი, 2022 წლის იანვარი.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები იანვარ-თებერვალში თავდაპირველად სოფელ კირბალში გამოჩნდნენ და ხეებზე თეთრი ფერის ნიშნულები დატოვეს. მოგვიანებით ისინი სოფელ მეჯვრისხევსა და ჯარიაშენშიც შენიშნეს. ჯარიაშენში მათ, ოკუპაციის ხაზთან ახლოს, ახალი თხრილი გაავლეს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს პროცესი მცოცავი ოკუპაციის ახალ ტალღას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG