Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ისევ უვადო შიმშილობას აცხადებს


პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 21 თებერვალს განაცხადა, სადაც ე.წ. 7 ნოემბრის ეპიზოდი განიხილებოდა.

"თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ მე წყნარად ჩავქრე, ვითომ არაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ კვდებიან თავაწეულად ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები. მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს. ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს... ეს არის ჩემი შენატანი საქართველოს უკეთესი მომავლისთვის...

ჩემი მოთხოვნაა, ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება, როგორც ეს არის მოთხოვნილი სახალხო დამცველის კონსილიუმის და ცენტრ "ემპათიას" მიერ და დარწმუნებული ვარ საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რომელსაც, რომ შემოუშვან, იტყოდნენ. ეს არის, ვისაც აინტერესებს კონკრეტული მოთხოვნა", - თქვა სააკაშვილმა.

სიტყვის წარმოთქმის შემდეგ მან სხდომათა დარბაზი დატოვა.

ეს სააკაშვილის მიერ პატიმრობის დროს შიმშილობის გამოცხადების პირველი შემთხვევა არ არის. იგი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და ამ დღიდან შიმშილობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის გლდანის პენიტენციური სამსახურის კლინიკაში გადაიყვანეს.

შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა. დეკემბრის ბოლოს ის ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნეს.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრმა, შინაგანი სნეულებებისა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტმა გრიგოლ ხურციძემ თქვა, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მკურნალობა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შეუძლებელია.

"გვაქვს გამოსავალი "ცუდსა" და "უარესს" შორის - "კარგი გამოსავალი" მისთვის არ არის. სანამ იქნება იქ, იქნება ამ მდგომარეობაში. "ცუდი გამოსავალია", რომ იქ, სადაც არის, შვება ვაგრძნობინოთ და "უარესია", არაფერი გავაკეთოთ", - თქვა ექიმმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG