Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ სამხარაძე: რეზოლუციის მთავარი არსი იყო უკრაინის მხარდაჭერა და არა რუსეთის კიდევ ერთხელ გამოჭენება

„ჩვენი ოპონენტების ბრალდება, რომ რეზოლუციაში ჩვენ არ ვახსენეთ რუსეთი, იმიტომ რომ არ გაგვეღიზიანებინა, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ჩვენ სხვა ფორმატში, ყველგან და მათ შორის აგერ თქვენს ეთერშიც მე შემიძლია ძალიან ღიად და თავისუფლად, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, გითხრათ, რომ რუსეთის არის აგრესორი ქვეყანა, რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ანექსირებული აქვს ყირიმი და ოკუპირებული აქვს დონბასი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურთან ექსკლუზიური ინტერვიუში.

საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა 1 თებერვალს მიიღო რეზოლუცია “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“, რომელშიც არ წერია, თუ ვისგან მომდინარეობს უკრაინის ესკალაციის საფრთხე.

თანაც ამ რეზოლუციის მიღება მოხდა იმ ფონზე, როდესაც აშშ და მისი მოკავშირეები, მთლიანად კოლექტიური დასავლეთი, ხმამაღლა ადანაშაულებენ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ესკალაციაში. რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, თუ რა დაშავდებოდა რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ხსენებით, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ რეზოლუციის მთავარი არსი იყო „უკრაინის მხარდაჭერა და არა რუსეთის კიდევ ერთხელ გამოჭენება, როგორც აგრესორისა. მთავარი საკითხი იყო, რომ ჩვენ, პარლამენტს და შესაბამისად ქართველ ხალხს, ყველას ერთად სოლიდარობა გამოგვეცხადებინა უკრაინისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის და მისი არჩევანისთვის, გახდეს ნატოს წვერი ქვეყანა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურთან ინტერვიუში.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით იმყოფება ჩეხეთის დედაქალაქში და მართავს შეხვედრებს სენატსა და დეპუტატთა პალატაში.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველო ჩეხეთის მსგავსად, გარკვეული სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე მდგარ უკრაინას, თუნდაც სამხედრო-სამრეწველო საწარმო „დელტას“ მიერ გამოშვებული არალეტალური სამხედრო საშუალებებით, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მუდმივ კავშირზეა უკრაინის სამხედრო უწყებასთან და თუ ამის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამას გააკეთებს.

XS
SM
MD
LG