Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის ლიდერები პუტინს „დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შემთხვევაში“ სერიოზული შედეგების შესახებ აფრთხილებენ


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

დასავლეთის ლიდერებმა 21 თებერვალს სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილეს რუსეთი, რომლის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დიდი ალბათობით, მალე უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარების შესახებ.

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კიევის ხელისუფლების კონტროლიდან გასული აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების აღიარება "სავალალო" გადაწყვეტილება იქნება და მას დაგმობა მოჰყვება.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს, თუ პუტინი მსგავს ნაბიჯს გადადგამს.

დღეს პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ოფისმა განაცხადა, რომ გერმანიის ლიდერმა დაგმო შესაძლო აღიარება და გააფრთხილა პუტინი, რომ ეს ნაბიჯი იქნება "ცალმხრივი დარღვევა" მინსკის შეთანხმებების, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე რვაწლიანი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ისახავს მიზნად.

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინს "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" ცნობისკენ მოუწოდა უშიშროების საბჭოს უკლებლივ ყველა წევრმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, დღეს, მოგვიანებით გამოაცხადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG