ორშაბათს საღამოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, რომლებსაც აცნობა, რომ უახლოეს ხანში აპირებს ხელი მოაწეროს ბრძანებულებას "დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.
"პუტინმა მათ ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის შედეგების შესახებ, რომელმაც დონბასის გარშემო არსებული ვითარება დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ სახელმწიფო დუმის რეზოლუციის კონტექსტში განიხილა. დღეს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერებმა მიიღეს მიმართვები მათი სუვერენიტეტის აღიარების შესახებ, უკრაინის ხელისუფლების სამხედრო აგრესიისა და დონბასის ტერიტორიის მასიური დაბომბვის გამო, რის შედეგადაც სამოქალაქო მოსახლეობა ტანჯვას განიცდის", - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის შეტყობინებაში, რომელსაც სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ოფისმა განაცხადა, რომ გერმანიის ლიდერმა დაგმო შესაძლო აღიარება და გააფრთხილა პუტინი, რომ ეს ნაბიჯი იქნება "ცალმხრივი დარღვევა" მინსკის შეთანხმებების, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე რვაწლიანი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ისახავს მიზნად.
დასავლეთის ლიდერებმა 21 თებერვალს სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილეს რუსეთი, რომლის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დიდი ალბათობით, მალე უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარების შესახებ.
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კიევის ხელისუფლების კონტროლიდან გასული აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების აღიარება "სავალალო" გადაწყვეტილება იქნება და მას დაგმობა მოჰყვება.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს პუტინის მსგავს ნაბიჯზე.
21 თებერვალს ვლადიმირ პუტინს "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" ცნობისკენ მოუწოდა უშიშროების საბჭოს უკლებლივ ყველა წევრმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, დღეს, მოგვიანებით გამოაცხადებს.
დაწერეთ კომენტარი