Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა ცნო დონეცკისა და ლუგანსკის ე. წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი"


„ამ ვითარებაში აუცილებლად მივიჩნევ დიდი ხნის წინ მომწიფებული გადაწყვეტილების მიღებას, დაუყოვნებლივ ვცნო დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ვთხოვ რუსეთის ფედერაციის სახალხო კრებას, რომ მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ კი მოახდინოს ორივე რესპუბლიკასთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია. ორივე ეს დოკუმენტი მომზადებული და ხელმოწერილი იქნება ძალიან მოკლე დროში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს გაკეთებულ მიმართვაში.

მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც, მისი თქმით, არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.

პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“

მანამდე ვლადიმირ პუტინს "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" ცნობისკენ მოუწოდა უშიშროების საბჭოს უკლებლივ ყველა წევრმა.

უფრო ადრე რუსეთის სახელმწიფო დუმამ ერთხმად დაუჭირა მხარი კომუნისტების ფრაქციის მიერ მომზადებულ მიმართვას, რომელიც მოუწოდებდა რუსეთის პრეზიდენტს, რომ ეცნო ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები.

ვიდრე თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, რომლებსაც აცნობა, რომ უახლოეს ხანში აპირებდა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ ბრძანებულებაზე ხელის მოწერას.

შოლცმა და მაკრონმა დაგმეს ასეთი გეგმები და ხაზი გაუსვეს, რომ ის ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ და რუსეთის მიერ შეთანხმებების ცალმხრივ დარღვევას წარმოადგენს.

დასავლეთის ლიდერებმა 21 თებერვალს სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილეს რუსეთი.
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კიევის ხელისუფლების კონტროლიდან გასული აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების აღიარება "სავალალო" გადაწყვეტილება იქნება და მას დაგმობა მოჰყვება.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს პუტინის მსგავს ნაბიჯზე.

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები აღმოსავლეთ უკრაინაში დონბასის ოლქის ერთი მესამედია, რომელსაც 2014 წლიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი რეჟიმები აკონტროლებენ.

პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ ტელეგრამის არხით გავრცელდა დონეცკში გამართული ფეიერვერკის კადრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG