Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელი: რუსეთმა უხეშად ხელყო საერთაშორისო სამართალი და მინსკის შეთანხმებები


ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი
ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის" ცნობას და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით რუსეთის ლიდერმა უხეშად ხელყო მინსკის შეთანხმებები, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართალი. ამის შესახებ საუბარია შარლ მიშელის მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.

„ევროკავშირი და მისი პარტნიორები უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად რეაგირებას მოახდენენ ერთიანად, მტკიცედ და გაბედულად“, - წერს შარლ მიშელი.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ კი მოახდინოს ორივე "რესპუბლიკასთან" მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია. ორივე ეს დოკუმენტი მომზადებული და ხელმოწერილი იქნება ძალიან მოკლე დროში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს გაკეთებულ მიმართვაში.

მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც, მისი თქმით, არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.

პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“

მანამდე ვლადიმირ პუტინს "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" ცნობისკენ მოუწოდა უშიშროების საბჭოს უკლებლივ ყველა წევრმა.

უფრო ადრე რუსეთის სახელმწიფო დუმამ ერთხმად დაუჭირა მხარი კომუნისტების ფრაქციის მიერ მომზადებულ მიმართვას, რომელიც მოუწოდებდა რუსეთის პრეზიდენტს, რომ ეცნო ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები.

ვიდრე თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, რომლებსაც აცნობა, რომ უახლოეს ხანში აპირებდა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" ცნობის შესახებ ბრძანებულებაზე ხელის მოწერას.

შოლცმა და მაკრონმა დაგმეს ასეთი გეგმები და ხაზი გაუსვეს, რომ ის ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ და რუსეთის მიერ შეთანხმებების ცალმხრივ დარღვევას წარმოადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG