Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივანი გმობს პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ცნობას


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

„ვგმობ რუსეთის გადაწყვეტილებას თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" აღიარების შესახებ. ეს კიდევ უფრო უთხრის ძირს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ძირს უთხრის კონფლიქტის მოწესრიგების ძალისხმევას და არღვევს მინსკის შეთანხმებებს, რომლის მონაწილე მხარეს რუსეთიც წარმოადგენს“, - ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის საგანგებო განცხადებაში, რომელიც ალიანსის საიტზე გამოქვეყნდა მალევე მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ცნო ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების "სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა".

იენს სტოლტენბერგი ხაზს უსვამს იმას, რომ 2015 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ, რომელშიც რუსეთიც შედის, დაადასტურა თავისი სრული მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი, ხოლო დონეცკი და ლუგანსკი კი უკრაინის შემადგენელი ნაწილია.

„მოსკოვი განაგრძობს კონფლიქტის გაღვივებას აღმოსავლეთ უკრაინაში, ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უჭერს სეპარატისტებს. იგი ასევე ეძებს საბაბს უკრაინაში მორიგი ინტერვენციისათვის“, - ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაში.

ნატო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. "მოკავშირეები მტკიცედ მოუწოდებენ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა და დაუყოვნებლივ გააუქმოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ესკალაცია უკრაინაში და მის გარშემო, ასევე გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", - ნათქვამია იენს სტოლტენბერგის განცხადებაში

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ კი მოახდინოს ორივე "რესპუბლიკასთან" მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია. "ორივე ეს დოკუმენტი მომზადებული და ხელმოწერილი იქნება ძალიან მოკლე დროში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს გაკეთებულ მიმართვაში.

მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც, მისი თქმით, არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.

პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“

მანამდე ვლადიმირ პუტინს "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" ცნობისკენ მოუწოდა უშიშროების საბჭოს უკლებლივ ყველა წევრმა.

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის" ცნობას და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით რუსეთის ლიდერმა უხეშად ხელყო მინსკის შეთანხმებები, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG