Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საფონდო ბირჟების ინდექსები 8-10%-ით დაეცა „დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის“ აღიარების შემდეგ


22 თებერვალს საფონდო ბირჟების ინდექსები განაგრძობენ ვარდნას რუსეთის მიერ სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარებისა და რუსეთის მიმართ დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელი მკაცრი სანქციების მოლოდინის ფონზე.

სამშაბათს, 18 იანვარს, მოსკოვის ბირჟის ინდექსი ძირითადი სესიის დაწყების წინ დაახლოებით 6,5%-ით დაეცა, RTS-ის ინდექსი, რომელიც რუსეთის საფონდო ბაზრის მთავარი ინდიკატორია, - 8%-ზე მეტით. უკანასკნელად RTS-ი 2022 წლის იანვრის ბოლოს 1367 პუნქტამდე ანუ 7,29%-ით დაეცა.

სამშაბათს ვაჭრობის დასაწყისში რუსეთის სამთავრობო ობლიგაციების ფასების ინდექსმა სამი პროცენტი დაკარგა და 2015 წლის ოქტომბრის დონემდე დაეცა.

დოლარის გაცვლითი კურსი 0.3 პროცენტით გაიზარდა და 80 რუბლს გადააჭარბა, ევრო - ნახევარი პროცენტით გაიზარდა და 90 რუბლისა და 70 კაპიკის დონეს მიუახლოვდა.
Brent-ის მარკის ნავთობმა ICE-ს ბირჟაზე 2014 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად გადააჭარბა ერთ ბარელზე 97 დოლარს. ნავთობის საერთაშორისო ფასი ჯამში 4%-ზე მეტით გაიზარდა.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ კი მოახდინოს ორივე "რესპუბლიკასთან" მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია. "ორივე ეს დოკუმენტი მომზადებული და ხელმოწერილი იქნება ძალიან მოკლე დროში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს გაკეთებულ მიმართვაში.

მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც, მისი თქმით, არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.

პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“

ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ცნობის შესახებ ხელმოწერილ ბრძანებულებაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „მშვიდობის დასაცავად“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავალებს, რომ შეიყვანოს ჯარი აღნიშნულ ტერიტორიაზე.

  • გადაწყვეტილება „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ უკანონო რეჟიმების „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ დაგმეს ნატომ, ევროკავშირმა და ვაშინგტონმა.
  • თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით სანქციების დაწესების განკარგულებას მოაწერა ხელი.
  • სანქციები კრძალავს აშშ-ის წარმომადგენლების ახალ ინვესტიციებსა და ფინანსურ საქმიანობას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიებიდან ნებისმიერი საქონლის, მომსახურების ან ტექნოლოგიების აშშ-ში იმპორტს და საქონლის, მომსახურების ან ტექნოლოგიების პირდაპირ ან არაპირდაპირ ექსპორტს აშშ-დან რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
XS
SM
MD
LG