Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ განმარტა, რა ვითარებაში გამოაცხადებს ქვეყანაში საომარ მდგომარეობას


პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში საომარი მდგომარეობის შემოღებას მხოლოდ რუსეთის არმიის მიერ სრულმასშტაბიანი შეტევის შემთხვევაში აპირებს.

"ჩვენ გვჯერა, რომ არ იქნება ძლიერი ომი უკრაინის წინააღმდეგ და არ იქნება ფართო ესკალაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან. თუ იქნება, საომარი მდგომარეობაც დაწესდება", - ამის შესახებ ზელენსკიმ 22 თებერვალს კიევში ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განიხილავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის სრულ გაწყვეტას, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის" შემდეგ.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ კი მოახდინოს ორივე "რესპუბლიკასთან" მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია. "ორივე ეს დოკუმენტი მომზადებული და ხელმოწერილი იქნება ძალიან მოკლე დროში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს გაკეთებულ მიმართვაში.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატამ 22 თებერვალს ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რუსეთსა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს შორის „მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულებებს, რომლებიც წინა ღამით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინიციატივით შევიდა სახელმწიფო დუმაში.

გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი 400-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა და თავი არავის შეუკავებია.

შეთანხმებები დაიდო 10 წლის ვადით, ხუთწლიანი პერიოდით ავტომატური განახლების შესაძლებლობით.

  • გადაწყვეტილება „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ უკანონო რეჟიმების „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ დაგმეს ნატომ, ევროკავშირმა და ვაშინგტონმა.
  • თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით სანქციების დაწესების განკარგულებას მოაწერა ხელი.
  • სანქციები კრძალავს აშშ-ის წარმომადგენლების ახალ ინვესტიციებსა და ფინანსურ საქმიანობას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიებიდან ნებისმიერი საქონლის, მომსახურების ან ტექნოლოგიების აშშ-ში იმპორტს და საქონლის, მომსახურების ან ტექნოლოგიების პირდაპირ ან არაპირდაპირ ექსპორტს აშშ-დან რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG