Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირების პროცესს აჩერებს


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეაჩერებს სადავო გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირების პროცესს, უკრაინის მიმართ რუსეთის მოქმედების საპასუხოდ.

22 თებერვალს შოლცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გერმანიის მარეგულირებელ უწყებას სთხოვა, შეაჩერონ შემოწმების პროცესი მილსადენზე, რომელიც 11 მილიარდი დოლარი დაჯდა და რომლის მიზანია რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდება. „ტექნიკურად ჟღერს, მაგრამ ეს არის საჭირო ადმინისტრაციული ნაბიჯი, რათა არ მოხდეს მილსადენისთვის სერტიფიკატის მიცემა, რის გარეშეც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ვერ იმუშავებს".

ამ ეტაპზე არ არის ცხადი, რამდენად შეაჩერებს ეს მილსადენის ექსპლუატაციის დაწყებას და აღდგება თუ არა სერტიფიცირების პროცესი.

გაზსადენის მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ არ ამოქმედებულა, რადგან საბოლოო სერტიფიკატს ელოდნენ. ამ მილსადენის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ აშშ და ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მილსადენი გაზრდის ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას რუსეთზე. ვაშინგტონი ასევე ფიქრობს, რომ გაზსადენი ეკონომიკურ ზარალს მიაყენებს უკრაინას, როცა რუსეთს შესაძლებლობა მიეცემა, უკრაინის გვერდის ავლით დაიწყოს გაზის ექსპორტი და კიევი დაკარგავს ტრანზიტით მიღებულ შემოსავალს - მილიარდობით დოლარს.

შოლცმა თქვა, რომ მისმა მთავრობამ გადაწყვიტა „გადაეხედა„ მილსადენის სერტიფიცირების პროცესისთვის ბოლო დროის მოვლენების ფონზე. "ამას, ცხადია, დრო დასჭირდება, თუკი ასე შეიძლება ვთქვათ", - განაცხადა კანცლერმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ იარსებებს. პირობას ვდებ, მას ბოლოს მოვუღებთ“.

რუსეთმა სინანული გამოხატა გერმანიის განცხადების გამო. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ეს წმინდა ეკონომიკური პროექტია და რომ ის ორი მხარეს, მიმწოდებელს და მომხმარებელს წაადგება, ორივეს ინტერესებშია და რომ მისი მიზანი ევროპის ენერგობაზრის სტაბილიზებაა.

22 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა მილსადენის პროექტის შეჩერება იმის გამო, რომ რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებისა და მათ ტერიტორიაზე ჯარის შეყვანის შესახებ. ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი უნდა დაისაჯოს მისი ქმედების გამო და უნდა მოხდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის დაუყოვნებლივ შეჩერება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG