Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ფედერაციის ბომბდამშენები და მოიერიშე თვითმფრინავები შავ ზღვაზე მანევრებს ჩაატარებენ


სუ-25 ტიპის მოიერიშე
სუ-25 ტიპის მოიერიშე

რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმში განათავსა გამანადგურებელი ბომბდამშენები, მოიერიშე თვითმფრინავები და ვერტმფრენები, რომლებიც უახლოეს დღეებში წვრთნის საბაბით ზღვაზე მანევრებს ჩაატარებენ.

ამის შესახებ რუსული გაზეთი „იზვესტია“ რუსეთის სამხედრო უწყების წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ცნობაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის საავიაციო ჯგუფი ყირიმის ნახევარკუნძულზე გადაიყვანეს, მისი კონცენტრაცია გასული კვირის ბოლოს დასრულდა. ჯგუფში შედიან ბომბდამშენები, მოიერიშე თვითმფრინავები და ვერტმფრენები.

დაგეგმილია, რომ უახლოეს დღეებში ისინი ჩაატარებენ მანევრებს ზღვაზე, დაამუშავებენ მტრის გემების განადგურების, სახმელეთო სამიზნეების ჩახშობისა და ჯარების სადესანტო მხარდაჭერის ამოცანებს.

20 თებერვალს, რუსეთის ათზე მეტი გემი ყირიმის ხიდის ფარვატერული გასასვლელით აზოვის ზღვაში შევიდა.

მანამდე, რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური შეტყობინება მფრინავებისთვის (NOTAM-ი) აზოვის ზღვაზე საჰაერო სივრცის 14-19 თებერვლამდე ჩაკეტვის თაობაზე, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოების ვითარების გაუარესებით არის ახსნილი.

  • აზოვის ზღვა შიდა ზღვაა, რომელიც აღმოსავლეთიდან რუსეთს, ხოლო დასავლეთიდან უკრაინას ესაზღვრება. ქერჩის სრუტით აზოვის ზღვა უკავშირდება შავ ზღვას, სადაც რუსეთს რეგიონში უდიდესი სამხედრო ფლოტი ჰყავს განლაგებული და, ბოლო ინფორმაციით, აგრძელებს საოკუპაციო ძალების გაძლიერებას 2014 წლის გაზაფხულზე ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე.
  • ქერჩის სრუტეში გავლის გამო, 2018 წლის ნოემბერში რუსეთმა ხელთ იგდო უკრაინის სამი სამხედრო კატარღა და დაატყვევა 24 მესაზღვრე, რომელთა გათავისუფლება უკრაინასა და რუსეთს შორის მრავალთვიანი მოლაპარაკების შედეგად პატიმართა დიდი გაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმებით გახდა შესაძლებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG