Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს რაგბის კავშირს ევროპის რაგბის კავშირმა წააშლევინა უკრაინის მხარდამჭერი ანონსი

საქართველოს რაგბის კავშირმა, რუსეთის ნაკრებთან მატჩის წინ, უკრაინულ ენაზე დაწერილი ანონსი სოციალურ ქსელში რამდენიმე საათში წაშალა, საქმეში ევროპის რაგბის კავშირის ჩარევის შემდეგ. რუსული გამოცემა SPORT24.RU-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს რაგბის კავშირს, რომ არ ეთანხმება თამაშის წინ ასეთი სტრატეგიის არჩევას და სთხოვა, ანონსი აეღო.

რუსეთის რაგბის ფედერაციის პრესატაშე ანტონ ხალიზოვის განცხადებით, მათი ფედერაცია ანონსის გავრცელებისთანავე დაუკავშირდა ევროპის რაგბის კავშირს და სასურველი პასუხიც სწრაფადვე მიიღო.

„ევროპის რაგბის კავშირმა დაგვიდასტურა, რომ ასეთი აფიშის გავრცელება დაუშვებელია, რადგან ის არღვევს რეგლამენტს. მათგან შევიტყვეთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირს სთხოვეს ანონსის წაშლა“, - უთხრა ხალიზოვმა რუსულ სააგენტოებს.

საქართველოს რაგბის კავშირმა ბორჯღალოსნებსა და რუსეთის ნაკრებს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩის ანონსი სოციალურ ქსელში უკრაინულ ენაზე გუშინ გაავრცელა და ასე გამოხატა პროტესტი რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში. ამასთან, ქართული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ ამ გზით რუსეთთან მატჩის დამატებით დატვირთვაზეც გაამახვილა ყურადღება, თუმცა ეს ანონსი კავშირის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე ატვირთვიდან დაახლოებით შვიდ საათში წაიშალა.

„ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი დინამოარენაზე“, - ეწერა უკრაინულ ენაზე დაწერილ მიმართვაში.

საქართველოს სარაგბო ნაკრები რუსეთს კვირას, 18:00 საათზე უმასპინძლებს თბილისის „დინამოარენაზე“, რაგბის ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში. მომავალ თამაშს ქომაგები განსაკუთრებული ინტერესით ელიან. ბორჯღალოსნებისა და „დათვების“ დაპირისპირებას ყოველთვის ახლავს დამატებითი დატვირთვა, მაგრამ მომავალი თამაში ამ მხრივ წინა შეხვედრებზე მეტად დაძაბული იქნება. რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" აღიარების გამო, ქართველი გულშემატკივრების ნაწილი საქართველოს ნაკრების უკრაინის დროშით ქომაგობას გეგმავს.

კატეგორიები
XS
SM
MD
LG