Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ "ძლიერ პასუხს" გასცემს აშშ-ის სანქციებს


მოსკოვი სიბრაზით გამოეხმაურა აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს და განაცხადა, რომ "ძლიერ პასუხს" გასცემს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გამოცხადებული ზომების სპექტრს რუსეთის ბანკების და ცალკეული პირების წინააღმდეგ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 23 თებერვლის განცხადებაში წერს, რომ აშშ-ის სანქციებს "გაეცემა ძლიერი პასუხი, არა აუცილებლად სიმეტრიული, მაგრამ კარგად გათვლილი და მგრძნობიარე ამერიკული მხარისთვის".

აშშ-მა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში კოორდინირებული ძალისხმევა გასწიეს მოსკოვის დასასჯელად სანქციების ფორმით, მას მერე, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აღიარებს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტთა მიერ კონტროლირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას და იქ ჯარს გაგზავნის.

პუტინის ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან სულ მცირე 150 000 სამხედროს მობილიზება, რამაც გააჩინა შიში, რომ რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას გეგმავს.

კრიზისის დიპლომატიური გზით გადაჭრის შესახებ იმედებს კიდევ ერთი დარტყმა მიადგა 22 თებერვალს, როცა თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ბაიდენსა და პუტინს შორის პოტენციური სამიტი ამ ეტაპზე არ გაიმართება.

მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები ასევე შემოიღეს ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, კანადამ და იაპონიამ.

XS
SM
MD
LG