Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში ლუგანსკიდან 50 ადამიანის ევაკუაციას მოახდენენ


აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო სამინისტროს ცნობით, ლუგანსკის ოლქიდან, რომლის დამოუკიდებლობაც რუსეთმა ორი დღის წინ ცნო, აფხაზეთში 50 ადამიანის ევაკუაცია იგეგმება.

პრესსამსახურის ცნობით, უწყების ხელმძღვანელი ლევ კვიცინია იმყოფებოდა ლუგანსკში ბავშვების, ქალების და ხანდაზმულების ევაკუაციის პროცესის გაკონტროლების მიზნით. ევაკუირებულთა შორის 18 ქალი, 31 ბავშვი და 1 პენსიონერია.

ორგანიზებული კოლონა მათ მიიყვანს რუსეთის საზღვრამდე, სადაც დახვდებათ დე ფაქტო სამინისტროს კუთვნილი ტრანსპორტი.

„ევაკუირებულთათვის შექმნილია ყველა პირობა. მათ მიეწოდებათ საკვები, უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრისით, ასევე გადაეცემათ ყველა აუცილებელი ნივთი და საშუალება კომფორტულად ყოფნისათვის. ბავშვებისთვის ორგანიზებული იქნება დასვენება და განათლება. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვებმა თუნდაც მცირე ხნით დაივიწყონ ომი. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ მოქალაქეები აფხაზეთში დაყოფენ ვითარების ნორმალიზებამდე“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

21 თებერვალს რუსეთმა აღიარა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სეპარატისტული დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა. პრეზიდენტ პუტინის მიერ გაცემული განკარგულება რეგიონში ჯარის შეყვანას ითვალისწინებს. სეპარატისტულ რეგიონებთან დადებული ხელშეკრულებები რუსმა კანონმდებლებმა 22 თებერვალს დაამტკიცეს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კი მოსკოვმა ცნო საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა".

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. აფხაზეთიდან დევნილი გახდა დაახლოებით 300 ათასიდან 330 ათასამდე ადამიანი.

ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილი 273 411 ადამიანი ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG