Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters: რუსეთს SWIFT-ს ჯერ არ გაუთიშავენ


ევროკავშირმა უკვე შეაფასა უკრაინაში შეჭრა “ბარბაროსულ შეტევად”. დღეს ევროპული ქვეყნების ლიდერები საგანგებო შეხვედრას გამართავენ და იმსჯელებენ რუსეთისთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე.

ამასთანავე, Reuters-ის ინფორმაციით, განიხილავენ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებასაც.

თუმცა უკრაინის ევროკავშირში მიღება ჯერჯერობით სათუოა. ისევე, როგორც რუსეთისთვის SWIFT-ის გათიშვა - წერს Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

რა არის SWIFT?

SWIFT საერთაშორისო სისტემაა, რომელსაც იყენებენ საგადასახადო გადარიცხვებისას და უსაფრთხო შეტყობინებების გასაგზავნად. მასში 200-ზე მეტი ქვეყანა და 10 ათასზე მეტი ფინანსური ინსტიტუტია გაერთიანებული.

რუსეთის „გარიცხვა” ნიშნავს, რომ მისი ბანკებისთვის საზღვარგარეთ მუშაობა თითქმის შეუძლებელი გახდება. მაგალითისთვის, 2012 წელს, ირანს უკვე შეუზღუდეს Swift-ზე წვდომა, რამაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.

მაგრამ ამან შეიძლება დააზარალოს ამერიკული და ევროპული ბანკები, რომლებიც რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობენ.

22 თებერვალს CNN-ი წერდა, რომ SWIFT-იდან რუსეთის გათიშვა, ქვეყნის მშპ-ს დაახლოებით 5%-ით „შეამცირებს”.

SWIFT-იდან რუსეთის “ჩახსნას” მხარს ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნები უჭერენ. დანარჩენები კი ფრთხილობენ, რადგან, მართალია, რუსეთისთვის დარტყმა მძიმე იქნება, მაგრამ ევროპელი კრედიტორებიც ვეღარ შეძლებენ რუსული ბანკებიდან საკუთარი ფულის დაბრუნებას.

“ამ დროისთვის მსგავს შეთანხმებაზე არაფერი ვიცი", - უთხრა Reuters-ს ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.

ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სხდომა თბილისის დროით საღამოს 11 საათზე დაიწყება.

დღეს, გამთენიისას, რუსული სახელმწიფო ტელევიზია Россия 24-ის ეთერში ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ იწყებს სამხედრო ოპერაციას აღმოსავლეთ უკრაინაში. მან მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს, "დაყარონ იარაღი და დაბრუნდნენ სახლებში".

უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

უკრაინამ უკვე გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზება გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG