Accessibility links

site logo site logo

მამუკა მამულაშვილი:„მიმდინარეობს ბრძოლები კიევის გარშემო. 30 რუსული შვეულმფრენი იყო შემოსული, რამოდენიმე განადგურებულია"


უკრაინაში მოქმედი ქართველ მოხალისეთა ბატალიონ "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ რუსული შვეულმფრენები გამოჩნდნენ კიევის ოლქში და შეუტიეს უკრაინელ დამცველთა პოზიციებს, სადაც ქართველ მოხალისეთა ნაწილიც იმყოფება.

მამუკა მამულაშვილი: „ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ კიევთან ახლოს მიმდინარეობს ბრძოლები, 30 რუსული შვეულმფრენი იყო შემოსული. რამოდენიმე განადგურებულია. და სწორედ ჩვენ პოზიციებზე მიიტანეს იერიში. მიმდინარეობს ბრძოლები კიევის გარშემო."

კობა ლიკლიკაძე: როგორ მოახერხეს მათ (რუსული შვეულმფრენებმა) დედაქალაქამდე, კიევამდე შემოსვლა?

მამუკა მამულაშვილი: „ბელარუსიდან არიან შემოსულები, რა თქმა უნდა. მე როგორც ვთქვი, მოვლენები იმ სცენარით განვითარდა - სამი მიმართულებით უტევენ კიევს. მუშაობს ჰაერი, რეაქტიული არტილერია. აი, ალბათ, გესმით, მთელი ისაა კიევის მახლობლად... (ხმა წყდება.-რედ), - ამბობს მამუკა მამულაშვილი, რომელსაც რადიო თავისუფლება ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა.

კიევის ოლქს ცენტრალურ უკრაინაში 28,100კმ2 ფართობი უკავია და ჩრდილოეთით ის ბელარუსს ესაზღვრება.

მამუკა მამულაშვილის თქმით, "ქართულ ლეგიონს" დანაკარგი არ აქვს.

საინტერნეტო გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას ცნობით, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს გადაწყვეტილებით, კიევის შესასვლელებთან დაიწყო თავდაცვითი ნაგებობების აღმართვა.

გამოცემის თანახმად, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ სუმის მისადგომებთან.

მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და ყველას, ვისაც ხელში იარაღის ჭერა შეუძლია, უკრაინის ტერიტორიის დამცველთა რიგებში ჩადგომისკენ მოუწოდა.

„გავამარტივეთ პროცედურები, აიღეთ მხოლოდ პასპორტი, მხოლოდ პასპორტი! ვურიგებთ იარაღს ყველა პატრიოტს, ვინც უყოყმანოდ მზადაა გამოიყენოს ის მტრის წინააღმდეგ. ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. ვდგავართ მწყობრად. გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების. დიდება ერთიან უკრაინას!“ - თვა ალექსეი რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „გაერთიანებული ძალების სარდლობა განლაგებულია სამეთაურო პუნქტებზე და აკონტროლებს ქვედანაყოფებს. ამჟამად გაერთიანებული ძალების მიერ ჩამოგდებულია რუსეთს საჰაერო ძალების 6 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი. მოგერიებულია შეტევა შჩასტიეზე, რომლის დროსაც ააფეთქეს 2 ტანკი და განადგურდა 50 რუსი ოკუპანტი“.

უკრაინაზე რუსეთის არმიის თავდასხმის გამო, კიევმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია. უკრაინის სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა.

უკრაინის სამხედრო ობიექტებზე რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულია უკრაინის შეიარაღებული ძალების 40-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შუადღის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა. მისივე ცნობით, დაღუპულია ათამდე მშვიდობიანი მოქალაქეც.

24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG