Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ - ზელენსკი


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე წერს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩასაგდებად იბრძვიან, რის შესახებაც უკვე აცნობა შვედეთის პრემიერს.

"რუსული საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ჩვენი დამცველები სიცოცხლეს წირავენ, რომ 1986 წლის ტრაგედია აღარ განმეორდეს. ამის შესახებ შვედეთის პრემიერს შევატყობინე. ეს არის ომის გამოცხადება მთელი ევროპის წინააღმდეგ", - წერს ზელენსკი ტვიტერზე.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკზე 1986 წლის 26 აპრილს მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია რადიაციული ფონის ზრდა ისეთ დონემდე, რაც 30-40-ჯერ აღემატებოდა 1945 წელს ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქების დროს წარმოქმნილ რადიაციულ ფონს. ხოლო ავარიის შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური ღრუბელი გავრცელდა ბელარუსის, უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიების დიდ ნაწილზე.

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა სხვა ქვეყნებს, დაუყოვნებლივ დააწესონ მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და უზრუნველყონ უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა.

„ამჟამად პუტინი ევროპას, 1939 წლიდან მოყოლებული, ყველაზე ბნელ დროში მიაქანებს. ნებისმიერი მთავრობა, რომელიც იმედოვნებს, რომ დაელოდება ომის დასრულებას, გულუბრყვილოა. არ გაიმეოროთ წარსულის შეცდომები“, - თქვა კულებამ ტვიტერზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG