უკრაინის ხელისუფლება ცდილობს გააძლიეროს ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობები და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა რუსეთს დაეკისროს ძლიერი, სერიოზული სანქციები უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის ნაცვლად, - ამბობს "ვერხოვნა რადას" ოპოზიციონერი დეპუტატი ოლექსი ჰონჩარენკო.
"და, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით სანქციებს, ნამდვილ, ძლიერ სანქციებს ბარბაროსი აგრესორის წინააღმდეგ, რომელმაც 21-ე სუკუნეში, ევროპის შუაგულში ასეთი სასაკლაო მოაწყო. ამისთვის უნდა იყოს პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინი უფრო შორს წავა და უკრაინის შემდეგ იქნება საქართველო, აზერბაიჯანი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი", - განაცხადა ოლექსი ჰონჩარენკომ რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
უკრაინელი კანონმდებლის თქმით, რომელიც "ვერხოვნა რადას" სხვა დეპუტატებთან ერთად კიევში იმყოფება, უკრაინის მთავრობა და შეიარაღებული ძალები აკეთებენ ყველაფერს, რათა შეაჩერონ და უკუაგდონ უკრაინის მიწაზე შემოსული რუსეთის სამხედრო ძალები, რომლებიც საბოლოო მიზნად ისახავენ უკრაინის დედაქალაქის აღებას.
„ისინი (რუსი სამხედროები) უკვე იმყოფებიან კიევის ოლქში. ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს ჩერნობილში, ჩერნობილის გარშემო, რაც სხვათა შორის, წარმოადგენს ძალიან დიდ საფრთხეს მთელი კონტინენტის ეკოლოგიისთვის. მაგრამ რუსი ოკუპანტისათვის ეს სულ ერთია. ეს არის ბელარუსიდან კიევამდე მიმავალი გზა. მათ (რუს სამხედროებს) სურთ ბელარუსიდან კიევამდე ჩავიდნენ“, - განაცხადა უკრაინის "ვერხოვნა რადას" ოპოზიციონერმა დეპუტატმა ოლექსი ჰონჩარენკომ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩასაგდებად იბრძვიან, რის შესახებაც უკვე აცნობა შვედეთის პრემიერს.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკზე 1986 წლის 26 აპრილს მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია რადიაციული ფონის ზრდა ისეთ დონემდე, რაც 30-40-ჯერ აღემატებოდა 1945 წელს ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქების დროს წარმოქმნილ რადიაციულ ფონს. ხოლო ავარიის შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური ღრუბელი გავრცელდა ბელარუსის, უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიების დიდ ნაწილზე.
რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა სხვა ქვეყნებს, დაუყოვნებლივ დააწესონ მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და უზრუნველყონ უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა.