Accessibility links

site logo site logo

„ოცნება" პრეზიდენტის მიერ დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას არ აპირებს - კვორუმი არ შედგება


გივი მიქანაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ქართული ოცნების" დეპუტატები არ გეგმავენ პრეზიდენტის მიერ მოწვეულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას. რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო, არ გაიმართება.

„ხვალ პარლამენტის 41 დეპუტატის ინიციატივით, რომელთაგან დიდი უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" წევრია, მოწვეული იქნა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. ყოველგვარი მინიშნებების გარეშე, პირდაპირ გვინდა განვაცხადოთ, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის ღია სამხედრო აგრესიის საკითხზე იმ ხალხის მიერ შემოთავაზებულ შოუში, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულეს, მონაწილეობას არ ვაპირებთ. აქვე დავძენთ, რომ სხდომის გამართვის საჭიროება ამ ეტაპზე ობიექტურადაც არ არსებობს. იმაზე ყურადღების გამახვილებაც კი არ ღირს, რომ მათ დღის წესრიგში შესატანი ორი საკითხიდან ვერც ერთი მოარგეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ნორმებს", - განაცხადა მიქანაძემ.

დეპუტატი ოპოზიციას არაპრაგმატულ მოქმედებაში ადანაშაულებს.

„იკვეთება, რომ რადიკალური ოპოზიციის, რომელიც წარმოადგენს მეხუთე კოლონას საქართველოში 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე, პირდაპირი ამოცანაა საქართველოსკენ გადმოვიდეს მეტი ყურადღება, შეიქმნას პროვოკაციული ფონი და ჩვენმა ქვეყანამაც არა პრაგმატული, არამედ ემოციური გადაწყვეტილებები მიიღოს და გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვას. ჩვენი ამოცანა კი პირიქით, პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება, ჩვენი ქვეყნის, უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესების და ეკონომიკის დაცვაა.

ამავე დროს ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, უკრაინას, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა.

ოპოზიციის დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოთქვეს ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" შეეცდებოდა რიგგარეშე სხდომის ჩაშლას.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 თებერვალს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ გამოაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, ის დაეთანხმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თხოვნას.

"დღეს, როგორც არასდროს, ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება...

საჭიროდ მიმაჩნია ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, რომ ყველამ ერთად [ოპოზიციამ და ხელისუფლებამ] გამოვხატოთ, რომ მთელი ერი ვდგავართ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

„ინტერპრესნიუსის" თანახმად, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გაგზავნილი მოთხოვნის გათვალისწინებით, რიგგარეშე სხდომა მოწვეულია შემდეგი დღის წესრიგით:

1.პრემიერ-მინისტრის მოსმენა უკრაინაში დაწყებული ომის, არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს პოზიციონირების შესახებ;

2.საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობის, ქმედითი დახმარების აღმოჩენის, მათ შორის ჰუმანიტარული, ასევე უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

დღეს, 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG