Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: რუსეთის ფულის ერთეულზე უკვე აისახა ჩვენი ნაბიჯები


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოკლე განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ რუსეთის მიმართ შემოღებულ სანქციებს უკვე მოჰყვა ეფექტი.
"უკვე ვიხილეთ ჩვენი ნაბიჯების გავლენა რუსეთის ფულის ერთეულზე, რუბლზე, რომელიც დღეს, ადრე დილით, ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა. დღეს სწრაფად დაიწია რუსეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარმაც და რუსეთის მთავრობის სესხის განაკვეთი 15 პროცენტზე ზემოთ გაიზარდა", - წერს ჯო ბაიდენი სოციალური მედიით.

ამ სიტყვების გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, ბაიდენმა 24 თებერვალს მკაცრი სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ მას მერე, რაც მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა. სანქციები რუსეთს უზღუდავს ბიზნესის წარმოებას მსოფლიოს წამყვან ფულის ერთეულებში და ბანკებს და სახელმწიფო კომპანიებს შეზღუდვებს უწესებს.

"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმაა", - უთხრა ბაიდენმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში და დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უარყო დასავლეთის ძალისხმევა დიალოგის გამართვისკენ და დაარღვია საერთაშორისო სამართალი. "პუტინი აგრესორია. პუტინმა ეს ომი აირჩია. და ახლა შედეგებს ის და მისი ქვეყანა იწვნევენ", - თქვა მან.

ბაიდენის თქმით, სანქციების მიზანია გრძელვადიანი შედეგის ქონა რუსეთზე და ამ შედეგის მინიმალიზაცია აშშ-სთან და მის მოკავშირეებთან მიმართებით. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვაშინგტონი მზად არის ამაზე შორსაც წავიდეს.

ბაიდენის თქმით, სანქციები რუსეთს შეუზღუდავს ბიზნესის წარმოების შესაძლებლობას დოლარში, გირვანქა სტერლინგში, ევროსა და [იაპონურ] იენში.

სანქციების სამიზნეა რუსეთის ბანკები, მათ შორის VTB ბანკი, ოლიგარქები და მაღალი ტექნოლოგიის სექტორები - ამბობს ბაიდენი. აშშ და მისი მოკავშირეები ქონებას დაუბლოკავენ რუსეთის ოთხ მსხვილ ბანკს, შემოიღებენ საექსპორტო კონტროლს და სანქციებს დაუწესებენ ოლიგარქებს.

სანქციები თანხვედრაშია თეთრი სახლის განცხადებებთან, რომ ის რუსეთის ფინანსურ სისტემას და პუტინის ახლო გარემოცვას ამოიღებდა მიზანში. საექსპორტო კონტროლის დაწესება რუსეთის მრეწველობას და სამხედრო სექტორს დატოვებს აშშ-ის მაღალტექნოლოგიური პროდუქციის გარეშე.

ბაიდენმა ამ ეტაპზე თავი შეიკავა ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებისგან, მათ შორის რუსეთის გათიშვისგან SWIFT-ის გადახდის სისტემიდან, რომელიც ბანკიდან ბანკში გადარიცხვებს ხდის შესაძლებელს გლობალური მასშტაბით.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პარასკევს, სამომავლო ზომებზე სამსჯელოდ ნატო გამართავს შეხვედრას. ბაიდენის თქმით, აშშ-ის სამხედროები უკრაინაში არ იომებენ, თუმცა დასძენს, რომ აშშ და ნატოელი მოკავშირეები უერთგულებენ ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლს, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას ეხება.

შეტევა დიდწილად ისე განვითარდა, როგორც ნავარაუდევი იყო - ამბობს ბაიდენი და დასძენს, რომ პუტინმა დიპლომატიის გზა უარყო და რუსეთის არმიამ პროვოცირების გარეშე დაიწყო შეტევა უკრაინაზე.

სანქციების გამოცხადებამდე, ბაიდენმა შეხვედრა გამართა დიდი შვიდეულის წევრ მოკავშირე ქვეყნებთან, რათა განეხილათ რუსეთისთვის დასაწესებელი უფრო მკაცრი ზომები მას მერე, რაც პრეზიდენტმა პუტინმა, ბაიდენის თქმით, "წინასწარ დაგეგმილი ომი" დაუწყო უკრაინას.

ბაიდენმა, რომელიც ოთხშაბათს, გვიან ღამით უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, ხუთშაბათს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა ვითარებაზე სამსჯელოდ.

მისი განცხადება წარმოადგენს სანქციების მეორე რაუნდს რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც შემოაქვთ მას მერე, რაც პუტინმა მიმდინარე კვირაში უკრაინის ორი სეპარატისტული ტერიტორიის დამოუკიდებლობა აღიარა და იქ ჯარი გაგზავნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG