დირიჟორი ვალერი გერგიევი, რომელსაც ახლო მეგობრობა აკავშირებს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, აღარ უხელმძღვანელებს ვენის ფილარმონიულ ორკესტრს აშშ-ის ტურნეში, რომელიც ხუთ კონცერტს მოიცავს და პარასკევს კარნეგი ჰოლში იწყება.
"ცვლილება განხორციელდა მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე მოვლენების გამო", - ამბობს კარნეგი ჰოლის პრესმდივანი სინევე კარლინო. კითხვას, ეს ვისი გადაწყვეტილება იყო - ორკესტრის, გერგიევის თუ კარნეგი ჰოლის - არ პასუხობს ორკესტრის პრესმდივანი, რონ ბოლინგი.
68 წლის რუსი დირიჟორი არის სანკტ-პეტერბურგში მარიინსკის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი, ის სანკტ-პეტერბურგში ასევე განაგებს თეთრი ღამეების ფესტივალს და არის მიუნხენის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი დირიჟორი. გერგიევს მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის შრომის გმირის პრემია, რომელიც პუტინმა 2013 წელს აღადგინა.
გერგიევი ხშირად გამოდის პუტინის მხარდამჭერი განცხადებებით. ამ დღეებში მოსკოვს დასავლეთი გმობს უკრაინაში შეჭრის გამო.
მილანის ცნობილმა თეატრმა, ლა სკალამ გერგიევს წერილი გაუგზავნა და სთხოვა, მკაფიო განცხადება გააკეთოს უკრაინაში ვითარების მშვიდობიანი გადაწყვეტის სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ მიეცემა უფლება, თეატრში დაბრუნდეს და ჩაიკოვსკის ოპერას, "პიკის ქალს" უდირიჟოროს.
24 თებერვალს პუტინის ბრძანებით რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში შეიჭრნენ და დაიწყეს სრულმასშტაბიანი ომი.
წარსულში, 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით ათ დღეში, ვალერი გერგიევმა სანკტ-პეტერბურგის თეატრის ორკესტრი ცხინვალში ჩაიყვანა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქის მთავარ მოედანზე კონცერტი გამართა.
დაწერეთ კომენტარი