Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აგრძელებს ოპერირებას შეზღუდვებით" - ეროვნული ბანკი "ვითიბი ბანკის" სანქცირების შემდეგ განცხადებას ავრცელებს


საქართველოს ეროვნული ბანკი გამოეხმაურა რუსულ ბანკებზე დაკისრებულ სანქციებს და განცხადება გაავრცელა "ვითიბი ბანკთან" დაკავშირებით. სანქცირებული რუსული ბანკებიდან საქართველოში მხოლოდ "ვითიბი ბანკს" აქვს ადგილობრივი წარმომადგენლობა და ფილიალები. ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები "ვითიბი ბანკის" ქართულ წარმომადგენლობაზეც ვრცელდება და შესაბამისად, 26 მარტიდან ბანკს ეზღუდება ოპერაციები დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა ვალუტებში.

"პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს სს "ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“ ერთად ადრევე შემუშავებული ჰქონდა სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა. შედეგად, როგორც ბანკი, ისე სებ-ი დღევანდელი სიტუაციისთვის სრულიად მზად არის. ბანკი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული. სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია“, აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით, აგრძელებს ოპერირებას. დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის ბანკი შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

თავად "ვითიბი ბანკიც" ამტკიცებს, რომ მათ კლიენტებს საქართველოში სანქციების გამო პრობლემა არ შეექმნებათ.

ფინანსური სანქციები არის ნაწილი იმ სანქციების, რომლებსაც დასავლეთი რუსეთს უწესებს უკრაინაში ომის გამო. რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო.

XS
SM
MD
LG