Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვმა უკრაინაში ჩეჩენი სამხედროების გაგზავნის ირიბი მტკიცებულება გამოაქვეყნა


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა Instagram-ის არაოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა სიუჟეტი, რომელიც ირიბად ადასტურებს ხმებს უკრაინულ მარიუპოლში მიმდინარე ოპერაციაში ჩეჩენი სამხედროების გაგზავნის შესახებ. მოგვიანებით სახელმწიფო სააგენტომ, "ჩეჩნეთი დღეს", რომელმაც აღნიშნული კადრები გამოაქვეყნა, აღნიშნა, რომ ისინი "კომენტარისთვის ვერ დაუკავშირდნენ ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თანაშემწეს, უმარ დაუდოვს."

ერთ-ერთ სიუჟეტში თვითმფრინავის ფანჯრიდან გადაღებული ვიდეოა ნაჩვენები, ხოლო მასში ისმის კომენტარი, რომელიც ძალიან ჰგავს კადიროვის ხმას. "თუ ალაჰი ინებებს, რამდენიმე წუთში იქ ვიქნებით", - ამბობს ვიდეოს ავტორი. ამის შემდეგ კადიროვის გვერდზე გამოქვეყნდა ტყის ჭალაში სამხედროების დიდი ჯგუფის კადრები, რომლებიც მუსლიმანურ ლოცვას ასრულებდნენ.

"დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩეჩნეთის უშიშროების სტრუქტურების წარმომადგენლები ამჟამად უკრაინის ან დონბასის ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც რუსეთის ჯარები, რუსეთის მთლიანობის შენარჩუნების მიზნით, სამხედრო ოპერაციას ატარებენ", - ნათქვამია ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელერადიოკორპორაცია "გროზნოს" შეტყობინებაში.

"კავკასიური ქსელის" ცნობით, მნახველები უარყოფითად აღიქვამენ უკრაინაში ოპერაციებზე ადგილობრივი გასამხედროებული დანაყოფების გაგზავნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG