Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუნძულ ზმეინის უკრაინელები აკონტროლებენ - აცხადებს უკრაინის შსს


კუნძულ ზმეინის უკრაინელები აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველზე, ვადიმ დანისენკოზე დაყრდნობით წერს.

„ორი უცხო გემი კუნძულ ზმეინის მიადგა, ნავსადგური დაცხრილეს და უკრაინელ მესაზღვრეებს დანებება მოსთხოვეს. თუმცა, როდემდე ჰქონდათ ვადა დანებებისთვის, არ უთქვამთ. რეალურად ახლა კუნძული ზმეინი ჩვენია“, - თქვა მან და დასძინა, რომ უკრაინელი მესაზღვრეები უკრაინის ტერიტორიას შავ ზღვაში ძველებურად იცავენ.

უფრო ადრე უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ 24 თებერვლის დილას კუნძულ ზმეინის ორი უცხო ობიექტი მოუახლოვდა. მათ იზმაილის სამხედრო სასაზღვრო დანაყოფისგან დანებება მოითხოვეს. ამის დასტურად სასაზღვრო სამსახურმა სათანადო აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მოგვიანებით მესაზღვრეებსა და კუნძულზე მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს შორის კავშირი გაწყდა.

„ბოლო ინფორმაციით, კუნძული ზმეინი მტერს აქვს აღებული. დღის განმავლობაში მტერი არაერთხელ შეეცადა უკრაინელი მესაზღვრეები კაპიტულაციის მოთხოვნით დაეშინებინა“, - ეწერა სასაზღვრო სამსახურის პოსტში.

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერეშენკო იტყობინება, რომ კუნძულზე საარტილერიო დარტყმის შედეგად 13 უკრაინელი მესაზღვრე დაიღუპა. მათ შესთავაზეს ჩაბარებულიყვნენ, მაგრამ პასუხად უარი მიიღეს, - ჰყვება გერეშენკო და სათანადო აუდიოჩანაწერსაც აქვეყნებს, რომელშიც ისმის:

„მე რუსეთის სამხედრო გემი ვარ. გთავაზობთ დაყაროთ იარაღი და სისხლისღვრისა და გაუმართლებელი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად დაგვნებდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიბომბებით“.

ამ განცხადებას მოსდევს პასუხი: „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“ ამ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით რუსული მხარე კომენტარს არ აკეთებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კუნძულ ზმეინიზე დაიღუპა ყველა ის მესაზღვრე, რომლებიც მას იცავდნენ.

„ჩვენს კუნძულ ზმეინიზე ყველა მესაზღვრე დაიღუპა, ისინი კუნძულს ბოლო წუთამდე იცავდნენ. არ დანებდნენ. მათ სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიენიჭებათ. მარადიული ხსოვნა მათ, ვინც უკრაინისთვის სიცოცხლე გაწირა“, - განაცხადა მან.

25 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „კუნძულ ზმეინის რაიონში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 82 უკრაინელი სამხედრო დანებდა“. უკრაინელების დაღუპვის შესახებ რუსული მხარის განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG