Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულ ავიახაზებს საჰაერო სივრცეს ესტონეთიც დაუხურავს


ესტონეთმა გადაწყვიტა, შეუერთდეს პოლონეთის ინიციატივას და საჰაერო სივრცე დაუხუროს რუსეთის თვითმფრინავებს. „ვუკრძალავთ ყველა რუსეთის ავიაკომპანიას ჩვენი საჰაერო სივრცით სარგებლობას“, - განაცხადა ეკონომიკისა და ინფრასტუქტურის მინისტრის წარმომადგენელმა ტაავი აასმა და დასძინა: - „მოვუწოდებთ ჩვენს ბალტიელ კოლეგებს, იგივე გააკეთონ და რუსეთი ევროპის საჰაერო სივრცეს ჩამოაშორონ“.

მანამდე პოლონეთმა, ჩეხეთმა და დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადეს, რომ აუკრძალავდნენ რუსეთის ავიახაზებს თავიანთ ტერიტორიაზე ფრენას.

დღეს მესამე დღეა, რაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში შეიჭრნენ. 24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან".

უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.

XS
SM
MD
LG