Accessibility links

site logo site logo

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა


ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტებს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს, საქართველოს მთავრობამ უკრაინაში გაგზავნა. როგორც მთავრობის პრესსამსახური იუწყება, საქართველო უკრაინას სისხლის გარკვეული მარაგითაც ეხმარება - გაიგზავნა სისხლის კომპონენტები და ჰემოტრანსფუზიისთვის საჭირო მასალა და ტესტები.

პრესსამსახური მიუთითებს, რომ 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.

საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა ქალაქ ლიუბლინის (პოლონეთი) გავლით მიიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს იუნკრების მემორიალთან თქვა, რომ საქართველო, "ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით", არ შეუერთდება უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებს, რომ უკრაინაში მისი "ჩასვლა - ჩასვლისთვის არაფრის მომცემია" და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო, არათუ იგი, "მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში". მან ასევე უარი თქვა საქართველოს პარლამენტში მისვლაზე უკრაინის თემაზე სასაუბროდ.

საქართველოს პრემიერის 25 თებერვლის განცხადების გასაპროტესტებლად და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად თბილისის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. უკრაინის მხარდამჭერი აქციები თბილისში ყოველდღიურად იმართება.

უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებების პასუხად მიმართა, რომ მას შეუძლია უკრაინაში მაშინაც არ ჩავიდეს, როცა კიევის თავზე სამშვიდობო თვითმფრინავები იფრენენ. მან ისიც გაახსენა ქართულ საზოგადოებას, რომ 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოს ეომებოდა, უკრაინის პრეზიდენტი რუსთაველზე იდგა ქართველ ხალხთან ერთად.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა".

რუსეთს, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო, ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG