უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული მკაცრი ფინანსური და ეკონომიკური სანქციებით გამოწვეული პრობლემების გამო, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი განაკვეთი გაზარდა 9.5%-დან 20%-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს კრედიტები გაუძვირდათ.
გადაწყვეტილება დღეს, 28 თებერვალს მიიღო ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭომ. სააგენტოები, „ტასი“ და „ინტერფაქსი“ ავრცელებენ ცენტრალური ბანკის განცხადებას, რომლის თანახმად, განაკვეთის გაზრდამ ხელი უნდა შეუწყოს ფინანსურ სტაბილურობას და გაუფასურებისგან დაიცვას მოქალაქეთა ანაბრები. რუსეთის ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭოს თანახმად, რუსული ეკონომიკისთვის საგარეო პირობები კარდინალურად შეიცვალა და საპროცენტო განაკვეთის გაზრდა აუცილებელია დევალვაციის და ინფლაციის გაზრდილი რისკების კომპენსირებისთვის.
რუსეთი მეხუთე დღეა განაგრძობს საომარ მოქმედებებს სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ. პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი). უკრაინის შეიარაღებული ძალების და მოხალისეების წინააღმდეგობის შედეგად რუსეთი ვერ ახერხებს უკრაინის ვერცერთ დიდ ქალაქზე კონტროლის დამყარებას.
უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმას უკვე ემსხვერპლა 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 14 ბავშვის სიცოცხლე.
უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის და ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ამ ფონზე, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.