Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: გვიკიჟინებს ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ რუსეთს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას საქართველოში ომის დაწყება სურს და 2008 წლის აგვისტოს ომზე ისევ მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და რომ იტყვიან, ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას ხედავენ და საკუთარ ინტერესს ეძებენ. უნდა ითქვას პირდაპირ, მე არ მოვერიდები, მათი მიზანია, განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს და ქვეყანას..."

"დღეს იგივე ხალხი გვიკიჟინებს ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ რუსეთს. ომში მივიღოთ უკრაინაში მონაწილეობა და ა.შ... დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი, ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში და უკრაინის დედაქალაქი იბომბება. ამის შემჩერებელი დღეს არავინ არ არის. ვთქვათ პირდაპირ: სანქციები არ არის ეფექტური საშუალება და ისიც ვთქვათ, ვინ ომობს - ომობს უკრაინელი ჯარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მეხუთე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთის შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. მას სანქციები დაუწესეს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG