Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთელი საგარეო ვაჭრობის მეხუთედი უკრაინასა და რუსეთზე მოდის - ლევან დავითაშვილი


ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან იმ გავლენაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ეკონომიკას, ასევე სასურსათო ბაზარს შეიძლება შეეხოს, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და რუსეთის მიმართ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციების გამო.

თუმცა მინისტრს, ამ ეტაპზე შესაძლო შედეგების არც ფასი დაუსახელებია, არც მასშტაბი და არც გამოსავლის ხედვები დაუკონკრეტებია.

ჩვენი ორი მნიშვნელოვანი პარტნიორი არის უკრაინა და რუსეთი, მთელი საგარეო ვაჭრობის მეხუთედი მოდის ამ ორ ქვეყანაზე. შესაბამისად, სამწუხარო პროცესები, რაც მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში, პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. ამიტომ ცალსახაა, რომ ჩვენ მოგვიწევს გარკვეული კორექტივები ჩვენს პოლიტიკაში იმისთვის, რომ [პანდემიის შემდგომი] აღდგენის ის პროცესი, რომელიც ქვეყანაში დაიწყო, ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად მცირე ეკონომიკური დანაკარგებით გამოვიყვანოთ [ქვეყანა] 2022 წელს“, - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის სიტყვებით, წინასწარ პროგნოზირება რთულია, მაგრამ ევროკავშირის, ამერიკის და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, „გვაქვს ჩვენი შეფასებები, მათ შორის ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში მუშაობს მთლიანად ეკონომიკური გუნდი“, რათა არსებობდეს საპასუხო გეგმა.

ეს გეგმები არსებობს, არსებობს ვერსიები. ამ ვერსიების სხვადასხვა მიმართულებებს გამოვიყენებთ იმის მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები. ასევე ძალიან მჭიდრო კავშირში ვართ ჩვენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ორგანიზაციებთან, მათ შორის სავალუტო ფონდთან იმისთვის, რომ გვქონდეს ალტერნატიული გეგმები პრობლემების და გამოწვევების საპასუხოდ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მან უპასუხა შეკითხვას, რამდენად რეალისტურია დღეს ბაზრების დივერსიფიკაცია და ალტერნატიულ ბაზრებზე გადართვა. მისი თქმით, სამრეწველო პროდუქტებში შესაძლებელია ნაკლები ეფექტიანობით ალტერნატიული ბაზრების მოძიება, მაგრამ არსებობს „აგრო-სასურსათო კატეგორიის მგრძნობიარე პროდუქტები“ და სხვა მიზეზებთან ერთად, გეოგრაფიიდან გამომდინარე, ალტერნატივების მონახვა ადვილი არ იქნება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, იმპორტიორებთან შეხვედრის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე სურსათით მომარაგების თვალსაზრისით არანაირი შეფერხება არ არსებობს.

„არის შეფერხება უკრაინასთან ვაჭრობის მიმართულებით, თუმცა კვების პროდუქტების მომარაგების, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგების პრობლემა ქვეყანაში არ არის, ვიქნებით მუდმივ კომუნიკაციაში იმპორტიორებთან და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ოთარ შამუგიამ თქვა, რომ ქვეყანაში 50 ათასი ტონა ხორბლის მარაგია, ამასთან, მისი თქმით, იმპორტიორებს მიაწოდეს მთავრობის შეთავაზება ხორბლის ფასის სუბსიდირებასთან დაკავშირებით, რათა ბაზარზე არსებული ფასი იყოს კონკურენტული.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სამი პაკეტი შემოიღეს. გადაწყდა რუსეთის ბანკების გამოთიშვა საერთაშორისო ტრანსაქციების სისტემა SWIFT-იდან, გაიყინა რუსეთის ცენტრალური ბანკის ფინანსური რეზერვების ნახევარი, შეზღუდვები დაუწესდათ რუსეთის მთელ რიგ ბანკებს, აიკრძალა რუსეთისთვის ნავთობგადამამუშავებელი ტექნოლოგიის გადაცემა და ექსპორტი, შეჩერდა ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი, მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირმა, საჰაერო სივრცე ჩაუკეტა რუსეთის ავიაციას.

დასავლეთის სანქციების შედეგად, რუსული რუბლი ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

გარდა ამისა, შემოღებულ იქნა უპრეცედენტო სანქციები პირადად სახელმწიფოს მეთაურის, ვლადიმირ პუტინის მიმართ. სანქციები დაუწესდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსაც.

საქართველოს მთავრობას ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს იმის გამო, რომ უარს ამბობს შეუერთდეს უკრაინაზე თავდასხმის გამო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს. საპროტესტო აქციებზე, რომლებიც 25 თებერვლიდან მიმდინარეობს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაც მოითხოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG