Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევიდან გავრცელებული ცნობებით, სამშობიარო სახლს ჭურვი მოხვდა

კიევის მახლობლად ჭურვი მოხვდა სამშობიარო სახლის შენობას. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს სამშობიარო სახლის მმართველი კომპანიის, „ადონის“-ის დირექტორზე, ვიტალი გირინზე დაყრდნობით. მისი ინფორმაციით, შენობიდან ხალხი ევაკუირებული იყო და ამჟამად უსაფრთხო ადგილზე არიან. გირინის თანახმად, შენობა სერიოზულადაა დაზიანებული.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-ს ცნობით, სამშობიარო სახლი მდებარეობს კიევის მახლობლად, ჟიტომირის გზატკეცილთან, საიდანაც რუსი სამხედროები კიევის ბლოკირებას ცდილობენ.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან ხუთ დღეში უკრაინაში დაიღუპა 352 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 16 ბავშვი.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.

XS
SM
MD
LG