Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოხანაშვილი: ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოებაზე 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებაზე, პარლამენტის წევრები შესაბამის კომიტეტის თავმჯდომარეებთან 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

"ნაციონალურ მოძრაობას" დააგვიანდა, მათ ვერ გაბედეს და ვერ შეძლეს ის, რაც შეძლო "ქართული ოცნების" გუნდმა. ჩვენ საქართველოს კონსტიტუციის დონეზე განვამტკიცეთ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური კურსი. ეს არის მნიშვნელოვანი ფუნდამენტი. ასევე, შესაძლოა, ყველა საკითხი საჯაროდ ღია ისე ვერ დაფიქსირდეს, როგორც შესაძლოა თქვენ ინტერესი გქონდეთ, თუმცა ჩვენ 24-საათიან რეჟიმში შესაბამის კომიტეტის თავმჯდომარეებთან პარლამენტის წევრები მუშაობენ კიდევ უფრო მეტ დაახლოებაზე", - აცხადებს ოხანაშვილი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე ხელმოწერას "რუსთავი 2"-ის ეთერში გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ის აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ელაპარაკა ევროკავშირის უზენაეს წარმომადგენელს საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჟოზეპ ბორელს.

"მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ არ არსებობს რაიმე მექანიზმი ევროკავშირში რომელიმე ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღების, თუმცა, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ყველა შესაძლო სცენარზე ვმუშაობთ და ეს ნაბიჯები უნდა იყოს შეჯერებული ჩვენს პარტნიორებთან," - აცხადებს ზალკალიანი.

რუსეთთან ომის პარალელურად, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებაში გაწევრიანების განაცხადს ხელი გუშინ, 28 თებერვალს, მოაწერა.

გუშინვე ევროპის პარლამენტში შეჯერდა რეზოლუცია, რომ უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. რეზოლუციას კენჭს დღეს, 1 მარტს უყრიან.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

სამხედრო აგრესიას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" აღიარება უძღოდა წინ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა".

აფეთქებების ხმა თითქმის მთელ ქვეყანაში ისმის, მათ შორის დედაქალაქ კიევში. უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო, რუსეთს უპრეცედენტოდ მკაცრი სანქციები დაუწესეს ამერიკის შეერთებული შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG