Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთს ტერორისტი სახელმწიფო უწოდა


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშკარა და დაუფარავი ტერორი უწოდა რუსეთის მიერ ქალაქ ხარკოვის ცენტრალური, თავისუფლების მოედნის დღევანდელ დაბომბვას.

ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის ცენტრს, ევროპის უდიდეს მოედანს დაარტყეს ფრთოსანი რაკეტით და დაღუპულია ათეულობით ადამიანი.

„ამის შემდეგ რუსეთი - ეს არის სახელმწიფო-ტერორისტი. არავინ გაპატიებთ, არავინ დაივიწყებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხარკოვის დაბომბვას უწოდა სამხედრო დანაშაული და მსოფლიოს სახელმწიფოებს მოუწოდა გამოაცხადონ, რომ რუსეთი სახელმწიფოებრივ ტერორიზმს ეწევა. უკრაინის პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ ტერორისტებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ საერთაშორისო სასამართლოების მიერ.

რუსეთის სამხედრო ძალებმა, რომლებიც რამდენიმე დღეა ხარკოვს უტევენ, ქალაქის ცენტრზე ძლიერი სარაკეტო იერიში დღეს, 1 მარტს დილით მიიტანეს. მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეულია არაერთი შენობა. დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ამ ფონზე, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG