Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსულ მედიასაშუალებებს - RT-სა და Sputnik-ს


ევროპის კავშირმა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთის მედიასაშუალებებს - სახელმწიფო ტელეკომპანია RT-ის ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ პროგრამებს და სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ს.

ამ მედიასაშუალებებს ევროკავშირის ტერიტორიაზე ეკრძალებათ მაუწყებლობა პირდაპირი ან გაშუალებული გზებით.

24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა მკაცრად დაგმო მოსკოვის აგრესია და გამოვიდა მოწოდებით, სასწრაფოდ მომზადებულიყო ინდივიდუალური და ეკონომიკური სანქციების ახალი პაკეტი.

ევროპული საბჭოს თქმით, „რუსეთის ფედერაცია აწარმოებს მედიის მანიპულაციისა და ფაქტების დამახინჯების სისტემატურ საერთაშორისო კამპანიას, რათა ხელი შეუწყოს მეზობელი ქვეყნების, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დესტაბილიზაციის სტრატეგიას“. რუსეთის ამ პოლიტიკის მთავარი სამიზნეები არიან ევროპული პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდებში, სამოქალაქო საზოგადოება და რუსული გენდერული და ეთნიკური უმცირესობები. ისინი ძირს უთხრიან ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას, აცხადებს ევროპული საბჭო.

სანქციების ტექსტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში აგრესიის გასამართლებლად ეწევა ხანგრძლივ პროპაგანდისტულ საქმიანობას. ამასთან, ეს პროპაგანდა წარმოებს რამდენიმე მედიასაშუალებით, რომელთაც რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა აკონტროლებს.

„ეს მედიასაშუალებები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის ხელის შეწყობაში და მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციაში“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ვითარების სიმძიმის გამო ევროკავშირი მიიჩნევს, რომ საჭიროა შემდგომი ამკრძალავი ზომების მიღება ამგვარი მედიასაშუალებების წინააღმდეგ, სანამ ბოლო არ მოეღება უკრაინაში აგრესიას და სანამ რუსეთის ფედერაცია და მისი მედიასაშუალებები არ შეწყვეტენ ევროკავშირისა და მისი წევრების წინააღმდეგ პროპაგანდას.

უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG