Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგაც გაამკაცრა სანქციები


ევროპის კავშირმა ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა უკრაინაში რუსეთის შეჭრაში გაწეული დახმარებისთვის.

სანქციების ტექსტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, დაგმობილია უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრა. ამავე დროს სანქციების შესავალ ნაწილში აღნიშნულია, რომ 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ „ევროპულმა საბჭომ მკაცრად დაგმო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში ბელარუსის მონაწილეობა და მოუწოდა მას, თავი შეიკავოს ასეთი მოქმედებებისგან და დაიცვას ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. ის გამოვიდა მოწოდებით, სასწრაფოდ მომზადდეს და მიღებულ იქნეს შემდგომი ინდივიდუალური და ეკონომიკური სანქციები, რომლებიც ბელარუსსაც შეეხება.“

ახალ სანქციებს შორისაა ბელარუსში მანქანათმშენებლობის პროდუქციის ექსპორტი. ისინი შეეხება „ზოგ ეკონომიკურ სექტორს, განსაკუთრებით ხე-ტყის, ფოლადისა და კალიუმის წარმოებას“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

აკრძალვები ჯერჯერობით არ ეხება ბელარუსის ბანკებს. განსხვავებით რუსეთისაგან, ბელარუსის ბანკები არ გაურიცხავთ საერთაშორისო ტრანსაქციების სისტემა SWIFT-იდან, მაგრამ, როგორც ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, „ეს მოხდება“.

ბელარუსის წინააღმდეგ უკვე მოქმედებდა ევროკავშირის სანქციების რამდენიმე პაკეტი, რომლებიც ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმს დაუწესეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. არჩევნებს, რომელშიც ლუკაშენკა 1994 წლის შემდეგ ზედიზედ მეექვსედ გამოცხადდა ოფიციალურ გამარჯვებულად, ოპოზიცია და დასავლეთი გაყალბებულად მიიჩნევენ. სანქციები მოქმედებს პირადად ლუკაშენკას წინააღმდეგაც.

როგორც მიაჩნიათ, ახალი სანქციებიდან ზოგიერთი შეავსებს დარჩენილ ხვრელებს ბელარუსის წინააღმდეგ უკვე მოქმედ სანქციებში. ეს განსაკუთრებით ეხება კალიუმს, რომელიც სასუქების მნიშვნელოვანი ნედლეულია და ბელარუსის საკვანძო საექსპორტო საქონელს წარმოადგენს.

ევროკავშირს ბელარუსისთვის უკვე აქვს დაწესებული სანქციები კალიუმის ექსპორტზე, მაგრამ, როგორც დიპლომატები ამბობენ, მინსკი მესამე ქვეყნების მეშვეობით მაინც ახერხებდა მათთვის ნაწილობრივ გვერდის ავლას. ახალი სანქციები უკვე ამ მნიშვნელოვანი ნედლეულის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.

როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, სანქციები შეიცავს დამატებით აკრძალვებს ისეთი საქონლით ვაჭრობაზე, რომლებიც გამოიყენება თამბაქოს ნაწარმის, მინერალური საწვავის, კალიუმის, ცემენტის, რეზინის ნაწარმისთვის.

ევროკავშირი ასევე ახანგრძლივებს სანქციებს ბელარუსისთვის ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიის მიწოდებაზე, ასევე ისეთ საქონელსა და ტექნოლოგიაზე, რომლის გამოყენებაც სამხედრო მრეწველობაშია შესაძლებელი. სანქციები მოიცავს ასევე შეზღუდვებს ამ სფეროებთან დაკავშირებულ მომსახურებაზეც.

ევროკავშირმა ასევე სანქციები დაუწესა ბელარუსის ოთხ გენერალ-მაიორსა და ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურს, ძმიტრი მილოჰაპს. მათ ეკრძალებათ ევროკავშირში მოგზაურობა, მათი აქტივები გაიყინება.

სანქციებით გათვალისწინებული პროდუქციის სრულ სიას 120 გვერდი უკავია. სანქციების შესახებ გადაწყვეტილება სავარაუდოდ ოთხშაბათს შევა ძალაში.

XS
SM
MD
LG