Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კანცელარიის ფანჯრები უნდა ჩაილეწოს" - ფეისბუკსტატუსი შსს-მ ძალადობისკენ მოწოდებად მიიჩნია


1 მარტს, საღამოს 6-ის 20 წუთზე საბა ჯაჯანიძემ ფეისბუქში გაბრაზებული პოსტი დაწერა და მეგობრებს გაუზიარა რას ფიქრობდა  საქართველოს  ხელისუფლებაზე, რომელსაც  ქვეყანა სახიფათო მიმართულებით მიჰყავს. 

ამავე დღეს, საღამოს 9-ის 20 წუთზე საბას უცნობი ნომრიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ პოლიციაში იბარებდნენ გამოკითხვაზე საბა ამ დროს თბილისში, პარლამენტის წინ აქციაზე იყო, ხმა ცუდად ესმოდა და იფიქრა, რომ ვიღაც ეხუმრებოდა.

1 მარტს, საღამოს 9 საათს რომ 17 წუთი აკლდა, მედიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პრესრელიზი მიიღო - განცხადებაში ეწერა, რომ უწყებამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულზე 1989 წელს დაბადებული ს.ჯ.-ის ფეისბუქ სტატუსის გამო. ეს ამბავი ჟურნალისტების უმრავლესობამ გააშუქა.

აქციიდან სახლში დაბრუნებული საბა მიხვდა, რომ ზარი უცნობი ნომრიდან ხუმრობა არ იყო.

“დიდი ხანია ამ პოზიციაზე ვარ და დღესაც გავიმეორებ - ქართული ოცნება და ბიძინას მონები მიგვაქანებენ რუსეთში. იმედია, დღევანდელი ამბები უკვე საკმარისია ამის აღსაქმელად. ჰოდა მარტო დგომა და პლაკატები არ შველის. როგორც მინიმუმ კანცელარიის ქვედა სართულის ფანჯრები უნდა ჩაილეწოს.

იდი ნ**ით, არ მინდა რუსეთში” - ეს არის საბა ჯაჯანიძის ფეისბუკის სტატუსი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებად მიიჩნიეს.

ამ დანაშაულის პირველად ჩადენის შემთხვევაში დამნაშავე ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე. იგივე დანაშაული, თუ მას მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

საბა შვილებთან ერთად აქციაზე; 2021 წლის 6 ივლისი. საბა და მისი ოჯახი წინა წლების თითქმის ყველა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეა.
საბა შვილებთან ერთად აქციაზე; 2021 წლის 6 ივლისი. საბა და მისი ოჯახი წინა წლების თითქმის ყველა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეა.

საბას მსგავსად სტატუსი 1 მარტსაც და წინა დღეებშიც არაერთმა მოქალაქემ დაწერა ფეისბუკში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ. მათი ნაწილი სწორედ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას და პროტესტი ფორმებს შეეხებოდა. მოქალაქეები თვლიან, რომ მთავრობის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით არ არის სწორი: საქართველო უფრო სოლიდარული უნდა იყოს რუსეთთან ომში ჩართულ უკრაინასთან და მეტს მუშაობდეს ქვეყნის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის.

1 მარტს, სანამ საბა სტატუსს დაწერდა იგი ახალ ამბებში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვას გადააწყდა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ამბობდა რომ საქართველოდან კონსულტაციებისთვის გაიწვიეს ელჩი “ამორალური პოზიციის გამო, რაც ჰქონდა საქართველოს მთავრობას სანქციებთან და უკრაინაში მიმავალ მოხალისეებთან დაკავშირებით.”

მოქალაქეები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ საქართველოს “ხელისუფლება, მათ პოზიციას არ გამოხატავს” და “არცხვენს ქართველ ხალხს საერთაშორისო მასშტაბით.” იმ საღამოს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საბას ფეისბუქ სტატუსის შესახებ განცხადება აქციის დაწყებიდან 43 წუთში გაავრცელა.

“სოციალურ ქსელში დაფიქსირებული მოსაზრებების გამო ადამიანის სისხლის სამართლებრივი დევნა არის დამახასიათებელი მხოლოდ რუსეთისთვის, ბელარუსიისთვის და ამ ტიპის ქვეყნებისთვის. ეს არის მცდელობა დააშინონ მოქალაქეები, ვინც თვლის, რომ ხელისუფლების განცხადებები არის დანაშაულებრივი. ხელისუფლების განცხადებები ნამდვილად ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. საბას პოსტი არ შეიცავს არც ერთი დანაშაულის ნიშანს. ეს არის მხოლოდ მისი მოსაზრების დაფიქსირება და მისი განწყობის გამოხატვა. ამას რომ რაიმე სამართლებრივი შედეგი მოჰყვეს, იქნება კატასტროფა” - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა. მისი განმარტებით, მუხლი, რომლითაც შსს-მ გამოძიება დაიწყო, ხულიგნობის მუხლია, ხულიგნობა კი თავისთავად უკვე მომხდარ დანაშაულს გულისხმობს და არა მის განზრახვას.

საბა არ აპირებს პოლიციაში გამოკითხვაზე მისვლას, ვინაიდან ამას კანონი არ ავალდებულებს და თუკი საქმის წარმოება გაგრძელდება, ჩვენებას სასამართლოში მისცემს მაგისტრ მოსამართლეს.

XS
SM
MD
LG