Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე: ენმ-ს ჩვენი ომში ჩათრევა უნდა


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას ქვეყნის ომში "ჩათრევის" სურვილით ხსნის. ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ელჩის გაწვევის შესახებ.

"საქართველოში კოორდინაციის ნაწილში ჩართული არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის შემჩნეული იყო ღალატში - ეს არის ნაცმოძრაობა. თქვენ ნახეთ, სანქციები იყო დასახელებული, როგორც მთავარი მიზეზი ელჩის გაწვევის. სანქციები არ დააწესა: მოლდოვამ, თურქეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა - არცერთთან მიმართებით ასეთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. მიზეზი არის ერთადერთი, რომ ან თურქეთი, ან მოლდოვა, ან აზერბაიჯანი და ა.შ. ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში ინტერესი არ არსებობს. ეს არის მარტივი ახსნა - სანქციები იქაც არ დაწესებულა, მაგრამ არავის არ გაუწვევია იქედან ელჩი.

სამხედრო კონფლიქტში ჩვენ ვერ ჩავერთვებით. იყო პირდაპირი მცდელობა, მოხალისეების გაგზავნის ორგანიზების ნაწილში, რომ ჩავრთულიყავით სამხედრო კონფლიქტში. ეს ვერ იქნა მიღწეული და ამას მოჰყვა ეს ძალიან სამწუხარო ნაბიჯი [ელჩის გაწვევა]...

უკრაინა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ჩვენ ყველაფერს ვცემთ პატივს და არასწორია, რომ ასეთ დროს გავაკრიტიკოთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები. მაგრამ, ეს უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის მიუღებელი და გაუმართლებელი იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველომ გააკეთა გასული დღეების განმავლობაში", - თქვა კობახიძემ.

დღეს, უკრაინაში ომის დაწყების მეექვსე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.

გუშინ, 28 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სანქციების დაწესებაზე საუბრის დროს თქვა, რომ ოპოზიციას ქვეყანაში ომის დაწყება სურს.

"დღეს იგივე ხალხი გვიკიჟინებს ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ რუსეთს. ომში მივიღოთ უკრაინაში მონაწილეობა და ა.შ... დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი, ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში და უკრაინის დედაქალაქი იბომბება. ამის შემჩერებელი დღეს არავინ არ არის. ვთქვათ პირდაპირ: სანქციები არ არის ეფექტური საშუალება და ისიც ვთქვათ, ვინ ომობს - ომობს უკრაინელი ჯარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მეექვსე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG