Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრო კულება: გაეროს რეზოლუციას საერთაშორისო სასამართლოებშიც გამოიყენებენ რუსეთის წინააღმდეგ


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია საერთაშორისო სასამართლოებში იქნება გამოყენებული რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

„რეზოლუცია აღიარებს, რომ სახეზეა აგრესია, რუსეთისგან მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას და ჯარების გაყვანას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებიდან. ეს რეზოლუცია იქნება არა მხოლოდ რუსეთის პოლიტიკური იზოლაციის მნიშვნელოვანი სიგნალი, არამედ ის საერთაშორისო სასამართლოებშიც იქნება გამოყენებული“, - დაწერა კულებამ ფეისბუკში.

კულებამ აღნიშნა, რომ რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი იყო მხოლოდ ხუთი ქვეყანა - რუსეთი, სირია, ჩრდილოეთი კორეა, ბელარუსი და ერიტრეა.

„რუსეთის მარტოობა ასე გამოიყურება. გაეროს 141-მა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი რეზოლუციას. ეს უკრაინის თაობაზე რეზოლუციისთვის მიცემული ხმების სარეკორდო რაოდენობაა 2014 წლიდან, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი უკიდურესად მკაცრია. ასე გამოიყურება უკრაინის მხარდამჭერი ანტისაომარი კოალიცია“, - აღნიშნა კულებამ.

რეზოლუციის თაობაზე კენჭისყრაში 35-მა ქვეყანამ შეიკავა თავი.

2 მარტს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე მიიღო რეზოლუცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ.

რეზოლუციას არა აქვს კანონის ძალა, მაგრამ, როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, მას დიდი პოლიტიკური წონა აქვს.

რეზოლუცია მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მდებარე ტერიტორიიდან.“

კენჭისყრამდე 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა მიმართა სესიას.

გაეროში უკრაინის ელჩმა სერგი კისლიცამ მოითხოვა, გენერალური ასამბლეის სხდომა ჩატარდეს პროცედურით, რომელიც „მშვიდობისთვის გაერთიანების“ რეზოლუციის სახელითაა ცნობილი და რომელიც შეერთებული შტატების მიერ იქნა ინიციირებული 1950 წელს, რათა გვერდი აევლო საბჭოთა კავშირის ვეტოსთვის კორეის ომის პერიოდში.

დღეს მიღებული რეზოლუცია უკანასკნელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ამ ტიპის პირველი რეზოლუციაა.

XS
SM
MD
LG