Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვმა დასავლეთის მედიას ურჩია სიმართლის გასაგებად რუსული სამთავრობო საიტები ნახონ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის შესახებ სიმართლეს ამბობენ მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური საიტები და დასავლეთის მიერ დაბლოკილი მედიასაშუალებები.

თავად რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ რუსულმა მედიამ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს არ უწოდოს ომი და ინფორმაცია გაავრცელოს მხოლოდ რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით. ამ მოთხოვნის დარღვევისთვის უკვე დაბლოკეს არაერთი მედიასაშუალების საიტი.

უცხოური მედიისთვის დღეს, 3 მარტს, ონლაინ გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა თქვა, რომ ევროპა და აშშ ბლოკავენ ნებისმიერ რუსულ მედიასაშუალებას და საინფორმაციო არხებს, რომლებიც აშუქებენ უკრაინაში რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ და განსაკუთრებით იმას, თუ "როგორ ექცევა მშვიდობიან მოსახლეობას უკრაინის არმია, განსაკუთრებით უკრაინული ნეონაცისტური ბატალიონები, რომლებიც უკან დახევისას დონბასში ძარცვავენ დასახლებულ პუნქტებს“.

ლავროვმა უცხოური მედიის წარმომადგენლებს ურჩია, დაელაპარაკონ „ინდოელებს, არაბებს, აფრიკელებს, რომლებიც უკრაინიდან გამგზავრებას ცდილობენ და არ უშვებენ“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს უამბო, როგორ ელაპარაკა გუშინ, ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც შეშფოთებულია ხარკოვში ინდოელი სტუდენტის დაღუპვის გამო.

„ხარკოვში არ არის რუსეთის ჯარი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ სიტუაციას, როცა ხარკოვის სადგურიდან არ უშვებენ უცხოელებს, რომლებსაც გამგზავრება სურთ, მათ შორის რუსეთის გავლით“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრემლის პროპაგანდის ყველა წესის დაცვით უკრაინა ისევ დაადანაშაულა ნეონაციზმში და თქვა, რომ ვერ ხვდება, როგორ შეიძლება პრეზიდენტი ზელენსკი ხელმძღვანელობდეს საზოგადოებას, რომელშიც „ნეონაციზმი ყვავის“.

„როგორ შეიძლება პრეზიდენტმა, რომელიც მშვიდობის ადამიანია, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნებისმიერი ებრაელი, ხელი მოაწეროს კანონს უკრაინის მკვიდრი ხალხების შესახებ და ამ ხალხებს შორის არ არის რუსი ხალხი“, - განაცხადა ლავროვმა. მან ზელენსკის ისევ დასდო ბრალი რუსულ ენაზე განათლების მიღების და რუსულად ლაპარაკის აკრძალვაში მაშინ, როცა რუსული პროპაგანდისტული საშუალებების გარდა, არცერთი სხვა წყაროთი ეს დადასტურებული არ არის.

ლავროვმა უცხოურ მედიას ურჩია, „რეალური ფაქტების“ გასაგებად თუნდაც ნახევარი საათი დაუთმონ რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების საიტებს და ნუ წარმოაჩენენ ისე, როგორც „ჰოლივუდის ბოევიკებშია“ – „აბსოლუტური სიკეთე და აბსოლუტური ბოროტება“.

  • პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
  • პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
  • 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
  • უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
  • რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
  • ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.
  • 2 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმად, უკრაინაში დაღუპულია 498 რუსი სამხედრო და დაჭრილია 1597.

XS
SM
MD
LG