Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ბირთვული სააგენტო შეშფოთებულია უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების გამო


უკრაინის ბირთვულმა უწყებამ მიმართა გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დახმარებისთვის ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, რადგან რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრა და ქალაქების დაბომბვა შეშფოთებას იწვევს ამ ობიექტების უსაფრთხოების გამო.

სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ მისი სააგენტო „ყველა მხარესთან“ მუშაობს, რათა გაირკვეს, როგორ შეიძლება ატომური სადგურების და მათი პერსონალისთვის დახმარების გაწევა. გროსიმ ადრე, რუს დიპლომატებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ რუსეთის ჯარმა კონტროლი დაამყარა უკრაინის ოთხ ატომურ ელექტროსადგურს შორის უდიდესზე, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

მოსკოვიცა და კიევიც აცხადებენ, რომ ყველა ელექტროსადგური ნორმალურად მუშაობს.

გავრცელდა ცნობები, საბრძოლო მოქმედებების დროს ატომური ნარჩენების საწყობის დაზიანებისა და რუსი სამხედროების მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაკავების შესახებ. ჩერნობილში, სადაც 1986 წელს მოხდა მსხვილი ბირთვული კატასტროფა, რადიოაქტიური ნიადაგის ზედაპირზე საბრძოლო ავტომანქანების გადადგილების გამო მცირედ გაიზარდა რადიოაქტიური ფონი.

უკრაინამ ამცნო საერთაშორისო ბირთვულ სააგენტოს, რომ მას მერე, რაც ერთი კვირის წინ რუსმა სამხედროებმა დაიკავეს ჩერნობილის სადგური, პერსონალი მუდმივი „ფსიქოლოგიურ ზეწოლას და მორალურ გამოფიტვას განიცდის", განაცხადა გროსიმ და ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია როტაცია და პერსონალის დასვენება, რათა მათ შეძლონ მნიშვნელოვანი სამუშაოს უსაფრთხოდ და საიმედოდ შესრულება.

„კვალვაც სერიოზულად ვარ შეშფოთებული უკრაინაში ვითარების გაუარესების, განსაკუთრებით ატომური ელექტროსადგურების გამო, რომლებსაც უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გააგრძელონ მუშაობა, რაიმე საფრთხის გარეშე", - მოჰყავს სააგენტოს გროსის სიტყვები, რომელიც დასძენს, რომ „ნებისმიერ ავარიას, რომელიც მოხდება სამხედრო კონფლიქტის გამო, შეიძლება მოჰყვეს განსაკუთრებით სერიოზული შედეგები ადამიანებისა და ბუნებისთვის როგორც უკრაინაში, ისე მის გარეთ“.

უკრაინაში 15 ბირთვული რეაქტორი მოქმედებს ოთხ ელექტროსადგურზე და გამოიმუშავებს ქვეყნის ელექტროენერგიის თითქმის ნახევარს. გაეროს ბირთვული სააგენტო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს ბირთვული ენერგეტიკული რეაქტორების უსაფრთხოებას და საიმედოობას, წერს სააგენტო.

XS
SM
MD
LG