Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დაიწყეს რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ვებსაიტის დაბლოკვა


რუსეთში ხელისუფლებამ დაიწყო რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ვებსაიტის (Svoboda.org) დაბლოკვა. ვებსაიტის გახსნა შეუძლებელია რუსეთის ტერიტორიაზე. მანამდე რედაქციამ მიიღო რამდენიმე შეტყობინება, რომელშიც რეგულატორის მხრიდან შესაძლო ბლოკირების შესახებ იყო ნათქვამი.

რუსეთში დაბლოკეს სხვა მედიასაშუალებები და სოციალური ქსელები

4 მარტს რუსეთის მომხმარებელთა უმრავლესობა ვერ ახერხებს გამოცემა Meduza-ს, BBC-ის რუსული სამსახურის და Deutsche Welle-ს ვებსაიტების გახსნას. იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ „ფეისბუკი" და „ტვიტერი". ამას ადასტურებს Globalcheck-ის მონაცემები.

„როსკომნადზორის" შეტყობინება

3 მარტს მიღებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურში აღმოჩენილია „არასანდო საზოგადოებრივი დანიშნულების ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა, როგორც სანდო ინფორმაცია". „როსკომნადზორის" თანახმად, ეს ინფორმაცია ეხებოდა იმას, რომ „თითქოს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას". ამასთან, რეგულატორმა განაცხადა, რომ „რუსეთი უკრაინასთან არ ომობს, რაც დადასტურებულია ოფიციალური ინფორმაციით, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს მიერ".

ომის გაშუქების გამო უფრო ადრე დაბლოკეს თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტები - Настоящее Время და უკრაინული სამსახურის ვებსაიტი Крым.Реалии.

რუსეთში მაუწყებლობა შეაჩერა დამოუკიდებელმა ტელეარხმა „დოჟდ"-მა. გადაწყვეტილების შესახებ 3 მარტს ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა და არხის მფლობელმა ნატალია სიდნეევამ განაცხადა.

ტელეკომპანიის საიტი „როსკომნადზორ"-ის მიერ ბლოკირებული იყო რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქების გამო. არხის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიატკომ და ჟურნალისტთა ნაწილმა კოლექტივის მიმართ მუქარის ფონზე რუსეთი დატოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG