Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ საქართველოს ორ მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯა


დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის სასამართლომ საქართველოს ორ მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯა. მათ, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან ერთად, კონტრაბანდის გადატანას ედავებიან. მათ გარდა, ცხინვალის ციხეში საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე რჩება.

ვლადიმერ კანიაშვილს პატიმრობა 6 თვის ვადით მიესაჯა, ხოლო კახაბერ ნათაძეს - 3 წლისა და 6 თვის ვადით.

სწორედ ამ საკითხს განიხილავენ და გააპროტესტებენ გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 105-ე შეხვედრაზე, რომელიც უკვე დაიწყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ექვსივე მოქალაქის გათავისუფლებას მოითხოვს.

„მათ შეეფარდათ უკანონო სასჯელები... ბრძოლა გაგრძელდება და ყველა ჩვენი თანამოქალაქე, როგორც ეს იყო სხვა შემთხვევებში, როდესაც მათ მიესაჯათ უკანონო სასჯელები, ისინი აუცილებლად დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს. რაც შეეხება სიტუაციას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ყველასათვის თვალნათელია, რომ არ შეინიშნება არანაირი დაძაბულობა, არანაირი გადაადგილება", - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ირაკლი ანთაძემ.

განსახილველი საკითხები მოიცავს იმ ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც, რაც მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის.

XS
SM
MD
LG