Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ალბათობით ქართულ ბანკები რუსეთის მოქალაქეებს უარს ეტყვიან ანგარიშების გახსნაზე    


საქართველოს ბანკები რუსეთის მოქალაქეებისთვის პროცედურების გართულებაზე მუშაობენ. რადიო თავისუფლებას წყაროები რამდენიმე, მათ შორის მსხვილი ბანკებიდან, უდასტურებენ, რომ განიხილება რუსეთის მოქალაქეებისთვის საბანკო ანგარიშის გახსნაზე უარის საკითხი. ამის თაობაზე საჯარო, ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალეკო ძნელაძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ანგარიშის გახსნა ქართული ბანკების სანქციების გარეშეც უკვე გართულებულია.

“იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული და შესაძლოა ეს კიდევ უფრო გაფართოვდეს და რაღაც ტრანზაქციები კიდევ შეიძლება შეიზღუდოს, რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე მიიღებს საქართველოში უარს ანგარიშის გახსნაზე - ვიცი ასევე, რომ უფრო მეტი მოთხოვნა იქნება საბუთებთან დაკავშირებით, ფულის წარმომავლობაზე, რატომ ხსნის ანგარიშს საქართველოში", - ამბობს ალეკო ძნელაძე რადიო თავისუფლებასთან.

ბანკები ერთობლივი განცხადების გავრცელებას ეროვნულ ბანკთან პოზიციების შეჯერების შემდეგ გეგმავენ.

ალეკო ძნელაძის თქმით, თუ რუსეთის რომელიმე მოქალაქემ სწორედ მოქალაქეობის გამო მიიღო საქართველოში უარი ანგარიშის გახსნაზე, ეს ჯერ მხოლოდ ცალკეული ბანკის ინიციატივაა და არა საერთო, შეთანხმებული პოზიცია.

შეზღუდვების ნაწილი უკვე ამოქმედდა - "საქართველოს ბანკში" რუსეთის ვერცერთი მოქალაქე ვერ გახსნის ანგარიშს, თუ წერილობით არ დაეთანხმება დოკუმენტს, რომელშიც მათ შორის წერია, რომ: "რუსეთი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს, უკრაინაში კი - 2014 და 2022 წლებში", რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველო. რადიო თავისუფლებას ბანკის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ეს წესები უკვე მოქმედია.

"თიბისი ბანკში" შეზღუდვებთან დაკავშირებით ჯერ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებისთვის არის ცნობილი, ბანკის ფილიალებში მისული რუსეთის მოქალაქეები ანგარიშების გახსნისას უკვე აწყდებიან წინააღმდეგობას.

XS
SM
MD
LG