Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გედების ტბა“: პოლიტიკური სიმბოლო რუსეთის მედიასივრცეში


ტელეარხ "დოჟდის" ბოლო გადაცემა.
ტელეარხ "დოჟდის" ბოლო გადაცემა.

3 მარტს საღამოს რუსეთის დამოუკიდებელმა ტელეკომპანია „დოჟდმა“ შეწყვიტა მაუწყებლობა. ვიდეომიმართვაში ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა და არხის მფლობელმა ნატალია სიდნეევამ თქვა, რომ მან და მისმა კოლეგებმა უნდა გაიზრონ და მოიფიქრონ, როგორ გააგრძელონ მუშაობა.

არხის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიატკომ და ჟურნალისტთა ნაწილმა კოლექტივის მიმართ მუქარის გამო რუსეთი დატოვეს.

„დოჟდი“ 2010 წლიდან მაუწყებლობდა. 2017 წელს ის დაბლოკეს უკრაინაში. 2021 წელს კი ტელეარხს რუსეთში ე.წ. „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი მიანიჭეს, რასაც რედაქცია არ ეთანხმებოდა.

რუსეთის ხელისუფლებამ მედიისგან მოითხოვა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას მკაცრა დაიცვან ოფიციალური ხაზი. რუსეთის მედიას აეკრძალა „შეჭრისა“ და „ომის“ ხმარება და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს „სამხედრო ოპერაციის“ კვალიფიკაცია მიეცა. მოსკოვმა თავის არტილერიასა და ტანკებს ხისტი და დაუნდობელი იდეოლოგიური იარაღი ამოუყენა გვერდში.

„დოჟდის“ თანამშრომლები პირდაპირ ეთერში დაემშვიდობნენ მაყურებელს, რომელსაც კადრიდან გასვლისას დაუტოვეს უწყება: „არა ომს!“. მერე კი გამოჩნდა ცნობილი სცენა პიოტრ ჩაიკოვსკის ბალეტიდან „გედების ტბა“ - პატარა გედების ცეკვა. ეს ის სცენაა, რომელიც გაუშვეს საბჭოთა ტელევიზიაში 1991 წლის აგვისტოს პუტჩისას და რომელიც საბჭოთა კავშირის დასასრულს მოასწავებდა.

როგორც ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის კულტურის, ისტორიისა და ენის სკოლის თანამშრომელი, ლეონიდ პეტროვი იხსენებს ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, „გედების ტბას“ საბჭოთა პერიოდში ტელევიზიასა და რადიოში იყენებდნენ ხოლმე მნიშვნელოვანი მოვლენების დროს, მაგალითად, ქვეყნის ლიდერების გარდაცვალების შემდეგ, სანამ ინფორმაციას ოფიციალურად გამოაცხადებდნენ.

ეს და სხვა მუსიკა ზოგჯერ დღეების განმავლობაში ჟღერდა ეთერში დღეში რამდენჯერმე.

„ეს იყო პოლტიკური არასტაბიურობის, ხელმძღვანელობის პოტენციური ცვლილების ნიშანი,“ თქვა პეტროვმა.

საბჭოთა კავშირის დაშლიდან სამი ათწლეულის შემდეგ „დოჟდმა“ კვლავ დააბრუნა რუსულ სინამდვილეში ეს მუსიკალური სიმბოლო, რომელიც კვლავ პირქუში შინაარსითაა დატვირთული.

„‘გედების ტბა’ იქცა დამსხვრეული ოცნებების, დაკარგული შესაძლებლობებით გამოწვეული სევდის, სინანულის, აუსრულებელი გეგმების გამო გლოვის სიმბოლოდ,“ თქვა პეტროვმა და დასძინა, „ვფიქრობ, ეს ტელეკომპანია ‘დოჟდის’ მიერ მიღებული ძალიან გონივრული და სწორი გადაწყვეტილებაა.“

გარდა იმისა, რომ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების თანამშრომლებს ფარულად თუ შეუფარავად ემექრებიან, ზოგჯერ სიკვდილითაც კი, რუსეთში ძალაში შედის კანონი, რომელიც 15 წლამდე პატიმრობით ემუქრება ყველას, ვინც უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ „ფეიკებს“, ყალბ ინფორმაციას გაავრცელებს. სხვა სიტყვებით რომ ვქვათ, რუსეთის მედიას ეკრძალება ოფიციალური ხაზიდან გადახვევა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე იმის თქმა, რაც არ სურს სახელმწიფოს. სახელმწიფოს კი ისიც კი არ სურს, რომ ამ ომს „ომი“ ეწოდოს და ჯიუტად იმეორებს, რომ უკრაინაში „სპეცოპერაციას“ ატარებს „ნაცისტებისა“ და, უკეთეს შემთხვევაში, „ნაციონალისტების“ წინააღმდეგ. ვინც ოდნავ მაინც ერკვევა, როგორ უნდა ჩართოს კომპიუტერი და თვალი მიადევნოს სოცქსელებს, იცის, რომ ამ ფარისევლური განცხადებების დროს უკრაინაში იბომბება ქალქები და სოფლები, ათობით მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება, მათ შორის - ბავშვები. ამაზე მშრალი სტატისტიკური ინფორმაციის გადაცემაც კი საფრთხეს უქმნის ჟურნალისტს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით სავსებით გასაგებია, რომ კრიტიკული მედიასაშულებები სიჩუმეს ამჯობინებენ.

პეტროვის თქმით, „დოჟდი“ „მძიმე არჩევანის წინაშე იდგა: ან მოეყოლათ ტყუილები, რასაც მათგან პუტინი ითხოვს... ან მომკვდარიყვნენ.“

ძნელია იმის დანამდვილებით თქმა, რამდენად ელოდათ "დოჟდის" ჟურნალისტებს სიკვდილი პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ ფაქტია, რომ ომის დამოუკიდებელი გაშუქებისთვის ისინი შეიძლება მრავალწლიან პატიმრობაში აღმოჩენილიყვნენ.

ამ დღეებში მაუწყებლობა შეწყვიტა რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და სანდო რადიოსადგურმა, „ეხო მოსკვიმ“. ხელისუფლების მიერ უკანასკნელ წლებში განხორციელებული უზარმაზარი წნეხის პირობებში, როცა მთელი რიგი დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები დაიხურა, „ეხო მოსკვი“ რუსეთში ყველაზე გამორჩეულ მედიად რჩებოდა.

23 მარტს შეწყდა რადიოსადგურის ეთერი. 24 თებერვალს კი სადგურის დირექტორთა საბჭომ, რომელშიც უმრავლესობას სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ მედიაშტო აკონტროლებს, „ეხო მოსკვი“ დახურულად გამოაცხადა.

მისმა ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ სოცქსელებსა და YouTube-ზე გააგრძელებენ მუშაობას.

რუსეთში დარჩენილი მცირერიცხოვანი დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ მიმართული მკაცრი ზომების ფონზე ქვეყანაში იზრდება ომის წინააღმდეგ მიმართული განწყობილება, იმართება საპროტესტო გამოსვლები, გროვდებია პეტიციები, რომელთაც მილიონობით ადამიანი აწერს ხელს. მთავრობა სასტიკად უსწორდება ომის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეებს, OVD-Info-ს ცნობით, დაკავებულია 8000-ზე მეტი ადამიანი.

კრიტიკული ხმების ჩახშობის მიზნით იზღუდება წვდომა ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებზე.

ლეონიდ პეტროვის თქმით, ამ პირობებში ტელეეთერში „გედების ტბის“ გამოჩენა შესაძლებელია იმედის მესიჯადაც იქნეს გაგებული.

„ბალეტის ბოლოს ბნელი ძალები მარცხდებიან... ასე რომ, ჯერაც არის იმედი და ჯერაც არის სინათლის სხივი, რომელიც ბნელი ღრუბლებიდან გამოსჭვივის,“ თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG