Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დუმილის რეჟიმი" დაირღვა - მოსახლეობის ევაკუაცია ვერ განხორციელდა


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აახლებს შეტევას უკრაინის ქალაქების მარიუპოლისა და ვოლნოვახის მიმართულებით, სადაც მანამდე უსაფრთხოების დერეფნები მოქმედებდა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, „დუმილის რეჟიმის“ პირობებში ვერც ერთმა სამოქალაქო პირმა ვერ შეძლო ტერიტორიების დატოვება, რაშიც უკრაინული მხარე დაადანაშაულა.

"ვერც ერთმა სამოქალაქო პირმა ვერ შეძლო მარიუპოლისა და ვოლნოვახის დატოვება გამოცხადებული უსაფრთხოების დერეფნებით. ამ ქალაქების მოსახლეობას ნაციონალისტური ფორმირებები ცოცხალ ფარად იყენებენ, ნაციონალისტურმა ბატალიონებმა დუმილის რეჟიმი გამოიყენეს გადაჯგუფებისა და პოზიციების გაძლიერებისთვის. იმის გამო, რომ უკრაინული მხარე არ აპირებს გავლენა მოახდინოს ნაციონალისტებზე შეტევითი ოპერაციები განახლდა მოსკოვის დროით 18:00 საათიდან“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

რუსული მხარე არ იცავს „დუმილის რეჟიმს“ და განაგრძობს როგორც მარიუპოლის, ისე მისი შემოგარენის დაბომბვას, იტყობინებოდა მარიუპოლის საკრებულო. უწყების ცნობით, ამის გამო, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადაიდო.

რუსეთის არმიამ პირობა დადო, რომ შაბათს 5 მარტს დილის 9 საათიდან შეწყვეტდა ცეცხლს და გახსნიდა ორ ჰუმანიტარულ დერეფანს ზაპოროჟიეს მიმართულებით მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან მშვიდობიანი მოსახლეობის გასასვლელად. წინასწარი გეგმით მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა გაგრძელბულიყო და მშვიდობიანი მოქალაქეები 5 მარტს მოქალაქეებიდან გასვლას 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეძლებენ.

თუმცა, უკრაინული მხარის თქმით, რუსულმა მხარემ დაარღვია „მწვანე დერეფნის“ შესახებ შეთანხმება და დაიწყო დაბომბვა, რის გამოც ევაკუაცია გადაიდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG