Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვეტლანა ალექსიევიჩი „დანაშაულს“ უწოდებს ლუკაშენკას გადაწყვეტილებებს უკრაინასთან მიმართებით


ნობელის პრემიის ლაურეატი, ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი ამბობს, რომ ბელარუსი აღარ არის დამოუკიდებელი, ის „აგრესორ ერად“ იქცა.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, რომელიც 4 მარტს გამოქვეყნდა, ალექსიევიჩმა თქვა, რომ „დანაშაულია" ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და დაუშვას ბელორუსიის ტერიტორიის გამოყენება რუსული ჯარების მიერ უკრაინაში შეჭრის მიზნით.

„ომის კანონების შესაბამისად, აგრესორი ქვეყნისთვის ტერიტორიის მიცემა სხვა არაფერია, თუ არა დანაშაულში თანამონაწილეობა", - თქვა ალექსიევიჩმა.

ალექსიევიჩის სიტყვებით, თუ ბელარუს ჯარისკაცებს უკრაინაში გაგზავნიან რუსეთის ჯარის დასახმარებლად უკრაინული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად, „მათთვის გმირობა ის იქნება, თუ არ გაისვრიან“.

მწერლის შეფასებით, ეს ომი არის იმის მანიშნებელიც, რომ რუსეთსა და ბელარუსში მცხოვრებ ადამიანებში კომუნისტური მენტალიტეტი ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა:

„თურმე, „პერესტროიკის“ დროს რა გულუბრყვილოები და რომანტიკულები ვიყავი. ვფიქრობდით და ვამბობდით, რომ ხალხი იმედგაცრუებულია კომუნიზმით, რომ მოვახერხეთ და დავამარცხეთ ის მშვიდობიანი რევოლუციით. ახლა კი ჩანს, რომ კომუნიზმი ჯერ კიდევ ვერ დავძლიეთ. ვერ გავუმკლავდით“, - აღნიშნა სვეტლანა ალექსიევიჩმა.

მან პუტინის ბრძანებას რუსეთის ბირთვული იარაღის მზადყოფნაში მოყვანის შესახებ უწოდა "შეშლილი" ადამიანის სიტყვები, ადამიანისა, რომელიც "აბსოლუტურად დაუფიქრებლად საუბრობს ბირთვულ იარაღზე".

73 წლის მწერალი, მამით ბელარუსი და დედით უკრაინელი სვეტლანა ალექსიევიჩი უკრაინაშია დაბადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG