უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 6 მარტს, გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს, რომ დღეს უკრაინამ ამ ბრძოლით თავისი მომავალი აირჩია იმის გასარკვევად, თუ სად გაივლის საზღვარი ცხოვრებასა და მონობას შორის.
მისი სიტყვებით, დღეს ზუსტად იმავეს აკეთებენ რუსეთის მოქალაქეებიც - ისინი მონობასა და ცხოვრებას შორის არჩევანს აკეთებენ.
„ჯერ კიდევ არის დრო, რომ დაამარცხოთ ბოროტება აუნაზღაურებელი დანაკარგების გარეშე, როცა შენი მოსაზრების გამო გემუქრებიან გათავისუფლებით და არა - გულაგით, მატერიალური დანაკარგით და არა - დახვრეტით. არ გაუშვათ ეს შანსები ხელიდან. გამოიყენეთ ყველაფერი: სოციალური ქსელი, მეგობრები თუ უცნობები, კოლეგები. თქვენ უნდა მოგისმინონ. ჩვენ, უკრაინელებს, მშვიდობა გვინდა. ეს ბრძოლა მხოლოდ უკრაინაში მშვიდობისთვის კი არ მიდის, ეს არის ბრძოლა თქვენს ქვეყანაში მშვიდობისთვისაც. იმ კარგი რამეებისთვის, რასაც ხედავდით, იმ თავისუფლებისთვის, რასაც გრძნობდით. გამოდით ქუჩებში და ბოროტება მოიშორეთ. თუ დღეს გაჩუმდებით, ხვალ თქვენს ნაცვლად თქვენი სიღარიბე ისაუბრებს. გიპასუხებენ მხოლოდ რეპრესიებით. არ გაჩუმდეთ!“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რუსეთის მოქალაქეებს გააქტიურებისკენ მოუწოდა.
ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უკვე იცის, როგორ აღადგენს უკრაინას. მისი თქმით, ამისთვის უკვე შეიქმნა ოთხი სპეციალური ფონდი, რომლებშიც ფინანსები მოიყრის თავს.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა პარტნიორებს უკრაინის თავზე ცის დახურვისკენ. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს.