Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ომბუდსმენი: ამ ათ დღეში 38 ბავშვია დაღუპული


6 მარტის 12:00 საათის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის დღიდან დღემდე, უკრაინაში დაღუპულია 38 და დაშავებულია 71 ბავშვი.

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან ზუსტი ინფორმაციის მოპოვება გარდაცვლილთა და დაჭრილთა რაოდენობის შესახებ ქალაქ მარიუპოლში და ირპენში, ჯერჯერობით შეუძლებელია.

მისივე თქმით, მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსების მხრიდან დაბომბვების შედეგად, მარიუპოლში წლინახევრის ბავშვი, ბუჩაში კი, ორი მძიმედ დაჭრილი ბავშვი გარდაიცვალა, რადგან მათ ვერ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.

„ქალაქ ირპენის გასასვლელში რუსეთის ჯარმა ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო პირებს, როდესაც ისინი ქალაქიდან ევაკუაციას აპირებდნენ. სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი ბავშვი. ერთი ადამიანი კი მძიმე მდგომარეობაშია“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

40 დღის ბავშვი, რომელსაც პნევმონია ჰქონდა, ხარკოვის ბომბსაფარში ყოფნისას გარდაიცვალა.

დენისოვა აცხადებს, რომ ახლაც, გოსტომელი-ბუჩა-ირპენის მიმართულებაზე, საფარში 70 დაჭრილი ბავშვი იმყოფება, მაგრამ რუსული ჯარი მათთან ექიმებს არ უშვებს.

უკრაინის სახალხო დამცველის განცხადებით, რუსეთი უხეშად არღვევს სიცოცხლისა და ჯანდაცვის ბავშვთა ფუნდამენტურ უფლებებს.

„მოვუწოდებ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მიიღონ ყველა ზომა რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად, რათა შეაჩეროს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა დენისოვამ.

უკრაინა დაღუპულ ბავშვებს ჯერ კიდევ ითვლის, რადგან ჩვენი სამაშველო ჯგუფები ნანგრევებიდან ცხედრებს თხრიან, - წერს "ტვიტერზე" უკრაინის რადას დეპუტატი ლესია ვასელენკოც.

XS
SM
MD
LG